„სუპერ რაგბი აოტეაროა“ „ქრუსეიდერსმა“ მოიგო [ვიდეო]

ახალ ზელანდიურ პრესაში უკვე წერენ, რომ გარდაუვალი სამი რამაა – გარდაცვალება, გადასახადები და „ქრუსეიდერსის“ მიერ „სუპერ რაგბის“ ტიტულის მოგება.

„ჯვაროსნები“ „მთიელებს“ შინ, ქრაისთჩერჩში დაუპირისპირდნენ, მეტოქე ანგარიშით 32:22 დაამარცხეს და ჩემპიონობა ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდეს. ეს „ქრუსეიდერსის“ ზედიზედ მეოთხე, მთლიანობაში კი მე-11 ტიტულია.

„ბლუზის“ და „ჰარიქეინსის“ გულშემატკივრებს დიდი იმედი ჰქონდათ, რომ „ჰაილენდერსი“ დღეს მეტოქეს დაამარცხებდა და 65 წუთამდე ასეც ხდებოდა. სწორედ ამ დროს დადო ჯორჯ ბრიჯმა გადამწყვეტი ლელო და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. „მთიელები“ რაღაც მომენტში 10 ქულითაც კი იგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ ამდენითვე წააგეს.

„ქრუსეიდერსის“ მხრიდან ლელოები რიჩი მოუნგამ, ჯორჯ ბრიჯმა (2) და ბრეიდონ ენორმა დადეს. მოუნგამ სამი გარდასახვა და ორი ჯარიმა დაარტყა ზუსტად. „ჰაილენდერსში“ თავი შენონ ფრიზელმა, ჯონა ნარეკიმ და მაიკლ კოლინსმა გამოიჩინეს, ხოლო ჯოშ იოანემ საკუთარ გუნდს შვიდი ქულა ორი გარდასახვით და ერთი საჯარიმო დარტყმით მოუტანა.

„სუპერ რაგბი აოტეაროას“ დასრულებამდე ერთი ტური დარჩა. „ქრუსეიდერსს“ 28 ქულა აქვს, ხოლო მის უახლოეს მდევარ „ბლუზს“ 22, რაც იმას ნიშნავს, რომ ქრაისთჩერჩელებს მეტოქეები ვეღარ დაეწევიან. ტურნირზე ასპარეზობა მოგების გარეშე დაასრულა „ჩიფსმა“. ვორენ გეთლენდის გუნდმა მათთვის ბოლო მატჩი „ჰარიქეინსთან“ ანგარიშით 31:19 დათმო.
ახალ ზელანდიური „ზე რაგბის“ ბოლო ტურში „ჰაილენდერსი“ „ჰარიქეინსს“, ხოლო „ქრუსეიდერსი“ კი „ბლუზს“ შეხვდება.