„სუპერ რაგბი აოტეაროა“ „ჰაილენდერსის“ „ჰარიქეინსთან“ დაპირისპირებით დასრულდა [ვიდეო]
„სუპერ რაგბი აოტეაროა“ „ჰაილენდერსის“ „ჰარიქეინსთან“ დაპირისპირებით დასრულდა [ვიდეო]

„სუპერ რაგბი აოტეაროას“ დასკვნით, მე-10 ტურში მხოლოდ ერთი მატჩი გაიმართა, რადგან „ბლუზის“ და „ქრუსეიდერსის“ დაპირისპირება ოკლენდში კარანტინის პირობების გამკაცრების გამო გაუქმდა. „ჰარიქეინსი“ „ჰაილენდერსს“ დანედინში, უმაყურებლო სტადიონზე ესტუმრა და სანახაობრივ შეხვედრაში ანგარიშით 38:21 დამარცხდა.

არადა სტუმრებმა კარგად დაიწყეს და მეხუთე წუთზევე შესანიშნავი კონტრ-შეტევის შემდეგ ვინს ასოს ლელოთი დაწინაურდნენ – 0:7. „ჰაილენდერსს“ ლელოს გასაქვითად დიდი დრო არ დასჭირვებია – თავი პუნივაიმ გამოიჩინა.  „ქარიშხლების“ შემდეგი შედეგიანი შეტევა ძალიან ჰგავდა პირველს – ველინგტონელებმა კვლავ საკუთარი ნახევრიდან წარმოიღეს ბურთი და გუნდს ხუთი ქულა ამჯერად ჯემი ბუთმა მოუტანა.  პირველი ნახევრის დასრულებამდე მასპინძლებმა ანგარიში ეშ დიქსონის ლელოთი გაათანაბრეს – 14:14.

არანაკლებ საინტერესო გამოვიდა მატჩის მეორე ტაიმი, რომელშიც პირველი ქულები მასპინძლებმა მოიპოვეს – იოანემ თანაგუნდელები საჯარიმო დარტყმით გაიყვანა წინ. ამას ორიოდ წუთში კოლინსის ლელო მოჰყვა – 24:14. მე-60 წუთამდე ანგარიში აღარ შეცვლილა და მაყურებელმა სწორედ ამ დროს იხილა გარდამტეხი ეპიზოდი – არდი სავეამ მეტოქის სალელოვე იერიში წესების დარღვევით შეაჩერა და ყვითელი ბარათით დაისაჯა, „ჰაილენდერსს“ კი საჯარიმო ლელო ჩაეთვალა.  მატჩის დასრულებამდე „ჰარიქეინსმა“ ერთი ლელოს დადება მაინც მოასწრო – თავი უმანგა-ჯენსენმა გამოიჩინა.

„ჰაილენდერსმა“ გათამაშება მეოთხე ადგილზე, 14 ქულით დაასრულა. „ჰარიქეინსი“ 21 ქულით მესამე ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ „აოტეაროას“ გამარჯვებული „ქრუსეიდერსი“ გახდა.