ავსტრალიის ახალი შეთავაზება - „სუპერ რვა“, რომელიც საფეხბურთო „ჩემპიონთა ლიგას“ ჰგავს
ავსტრალიის ახალი შეთავაზება - „სუპერ რვა“, რომელიც საფეხბურთო „ჩემპიონთა ლიგას“ ჰგავს

„რაგბი ავსტრალიამ“ (Rugby Australia) დღეს სამხრეთულ საკლუბო რაგბისთან დაკავშირებით სამომავლო გეგმები განაცხადა და პოტენციურმა მაუწყებლებმა და პარტნიორებმა უკვე მიიღეს შესაბამისი დოკუმენტაცია, რათა მოლაპარაკების შემდგომი ეტაპი დაიწყოს.

„სუპერ რაგბისთან“ დაკავშირებულ მიმდინარე ხელშეკრულებას ვადა 2020 წლის 31 დეკემბერს გასდის და „რაგბი ავსტრალია“ ახალ ეპოქაში შებიჯებას ინოვაციური შინაარსით, გამოცდილ პარტნიორებთან ერთად გეგმავს.

შეიძლება ითქვას, რომ ტრადიციული (15 კაცა) რაგბი ავსტრალიაში რაგბი ლიგის (13 კაცა) გზას დაადგა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე მომდევნო სეზონში „სთეით ოფ იუნიონ“ (State of Union) დაპირისპირება იქნება, რომელშიც ერთმანეთს ავსტრალიის შტატების – ნიუ საუს ვეილსის და ქვინსლენდის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდებიან. ეს ძალიან ჰგავს 13 კაცა რაგბიში 1980 წლიდან დანერგილ „სთეით ოფ ორიჯინს“ (State of Origin).

ავსტრალიის შიდა ჩემპიონატში რვა გუნდი იასპარეზებს – აქედან ხუთი ავსტრალიური იქნება, ხოლო დარჩენილ ადგილებს, სავარაუდოდ, ფიჯის და იაპონიის წარმომადგენლები შეავსებენ.

ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე, ცხადია, რომ „სუპერ რაგბის“ (Super Rugby) რვაგუნდიანი („სუპერ რვა“) გათამაშებაა, რომელიც ლოკალური (ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია) ჩემპიონატების დასრულებას მოჰყვება და ოთხი კვირა გაგრძელდება. განახლებულ „ზე რაგბიში“ ახალი ზელანდიიდან, ავსტრალიიდან და სამხრეთ აფრიკიდან სეზონის მანძილზე ორი საუკეთესო გუნდი იასპარეზებს, რომლებსაც თითო სამხრეთ ამერიკიდან (სავარაუდოდ – „ხაგუარესი“) და იაპონიიდან („სანვულვზი“) დაემატებიან.

ახლა ავსტრალიელები სავარაუდო მონაწილეთა თანხმობას ელოდებიან და ვარაუდობენ, რომ დადებითი პასუხის მიღების კარგი შანსი აქვთ. შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში ავსტრალიელებს ახალ ზელანდიელებმაც შესთავაზეს რვაგუნდიანი ტურნირი, რომელშიც ხუთი ადგილობრივი, ორი ავსტრალიური და ერთიც ფიჯური კლუბი იასპარეზებდა.