„სუპერ რაგბი“ დასრულდა - „აოტეაროა“ „კრუსეიდერსმა“ მოიგო, ავსტრალიაში „რედსმა“ იმარჯვა [ვიდეო] #1TVSPORT
„სუპერ რაგბი“ დასრულდა - „აოტეაროა“ „კრუსეიდერსმა“ მოიგო, ავსტრალიაში „რედსმა“ იმარჯვა [ვიდეო] #1TVSPORT

ზე რაგბის ახალ ზელანდიური ვერსია „სუპერ რაგბი აოტეაროა“ კვლავ „კრუსეიდერსის“ გამარჯვებით დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში ჯვაროსნები „ჩიფსს“ დაუპირისპირდნენ და მეტოქე ანგარიშით 24:13 დაამარცხეს. კრაისტჩერჩელებმა გათამაშება ზედიზედ მეორედ, ხოლო „სუპერ რაგბის“ ეგიდით გამართული ტურნირი კი ზედიზედ მეხუთედ მოიგეს.

პირველი ლელო მეშვიდე წუთზე სივუ რისმა დადო, რასაც მალევე ჰავილის მიერ ბურთის მეტოქის ლელოსკენ შეცურება და ვილ ჯორდანის ლელო მოჰყვა. ბელადები მატჩში ასევე ფულბეკის, დემიენ მაკენზის შედეგიანი იერიშით დაბრუნდნენ, მაგრამ მეორე ნახევარში „კრუსეიდერსი“ დომინირებდა და მიუხედავად იმისა, რომ გუნდის ორი მორაგბე ყვითელი ბარათით დაისაჯა, მეტოქეს ანგარიშში მიახლოების საშუალება არ მისცა.

გამორჩეული იყო მგეზავი რიჩი მო’უნგა, რომელმაც გუნდის თამაში კარგად მართა, მნიშვნელოვანი არეკნი გაიტანა და „ჯვაროსნების“ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.


გათამაშების ავსტრალიური ვერსიის ფინალში შარშანდლის მსგავსად „ბრამბისი“ და „რედსი“ შეხვდნენ ერთმანეთს და წითლებმა მეტოქეზე სრულფასოვანი რევანში აიღებს. პირველი ლელო „ბრამბიზის“ ფულბეკმა, ბენკსმა მიითვალა და ფავორიტები მთელი მატჩის მანძილზე იგებდნენ, თუმცა 84-ე წუთზე ჯეიმს ო’კონორის ლელოთი „რედსი“ დაწინაურდა და ჩემპიონობა იზეიმა.

გამარჯვებულ გუნდში ცხრამეტივე ქულა სწორედ მგეზავი ო’კონორის ანგარიშზე იყო და სწორედ ფინალური მატჩის გმირი გახდა გათამაშების საუკეთესო მორაგბე.

შეგახსენებთ, რომ „რედსმა“ „სუპერ რაგბი“ ბოლოს 2011 წელს მოიგო და ფინალურ მატჩში „კრუსეიდერსი“ დაამარცხა. ეს გუნდები სამხრეთ ნახევარსფეროს საუკეთესო კლუბის ვინაობას წელსაც ერთმანეთში გაარკვევენ.