ზაზა წერეთელი - კვლევებმა აჩვენა, რომ აუცრელებში „ომიკრონის“ მიერ ჩამოყალიბებული იმუნიტეტი ძალიან სუსტია და არც მუშაობს
კვლევებმა აჩვენა, რომ აუცრელებში „ომიკრონის“ მიერ ჩამოყალიბებული იმუნიტეტი ძალიან სუსტია და არც მუშაობს, – ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა, ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტმა ზაზა წერეთელმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„იმის გამო, რომ საქართველოში დაბალი ვაქცინაცია იყო, ჩვენ გასაქანი მივეცით არა მარტო „ომიკრონს“, არამედ ყველა სხვა შტამს, რომ გავრცელებულიყო და ადამიანები დაინფიცირებულიყვნენ. შეიძლება, ვიღაც ფიქრობს და იძახის, რომ დაინფიცირებით შეიძენს იმუნიტეტს, მაგრამ კვლევებმა აჩვენა, რომ თუ თქვენ აცრილი არ ხართ, „ომიკრონის“ მიერ ჩამოყალიბებული იმუნიტეტი ძალიან სუსტია და საერთოდ, არც მუშაობს. მეორე, შეიძლება, ის გაგირთულდეს და ხანგრძლივი „კოვიდი“ დაგრჩეს. ამიტომ, გარისკვა, რომ არ ავიცრები და იმუნიტეტს დაავადების გადატანით ჩამოვიყალიბებ, არ შეიძლება“, – განაცხადა წერეთელმა.
მისი თქმით, „ომიკრონი“ მსუბუქად მიმდინარეობს იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის 90 პროცენტია აცრილი და 75 პროცენტს ბუსტერდოზაც აქვს მიღებული.
„ანუ, მათი იმუნიტეტი ძლიერია, ხოლო ისეთ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის მხოლოდ 42 პროცენტია აცრილი, არ შეიძლება, ჩაითვალოს, რომ „ომიკრონი“ შეიძლება, მსუბუქად მიმდინარე დაავადება იყოს. ასეთ შემთხვევაში „ომიკრონი“ შეიძლება, გართულდეს, ის გამოიწვევს სიკვდილიანობას და ე.წ. ხანგრძლივ „კოვიდს“, რომელიც ძალიან დიდი პრობლემაა“, – განაცხადა წერეთელმა.
როგორც ექსპერტმა აღნიშნა, როდესაც ვაქცინები შეიქმნა, პირველივე დღიდან არავის უთქვამს, რომ ეს ვაქცინა იმისთვის იყო, ადამიანი არ დაინფიცირდებოდა.
„ვაქცინა იყო იმისათვის, რომ ჰოსპიტალიზაცია და ლეტალობა, რაც შეიძლება, ნაკლები ყოფილიყო. ეს იყო თავიდანვე დიდი პირობა და არავინ იძახდა, რომ არის ისეთი იდეალური ვაქცინა, თქვენ არ დაინფიცირდეთ. თუმცა, კვლევები ყველა ქვეყანაში აჩვენებს, რომ მათი იმუნიტეტი, ვინც აცრილია და „ომიკრონი“ გადაიტანა, არის ძლიერი და რეინფიცირების შანსი, რომ ადამიანი „ომიკრონის“ მეორე ქვეტიპით დაინფიცირდეს, არის ძალიან დაბალი იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც აცრილი არ იყვნენ“, – განაცხადა წერეთელმა.
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ასევე განაცხადა, რომ ხანგრძლივ „კოვიდზე“ უკვე ძალიან ბევრი ქვეყანა მუშაობს, რადგან ეს შეიძლება, დიდი პრობლემა გახდეს.
„ფინეთმა უკვე აღიარა, რომ ხანგრძლივი „კოვიდი“ შეიძლება, ქრონიკული დაავადების ერთ-ერთი სახეობა გახდეს და დიდი პრობლემა იყოსო. ამიტომ, ყველა ქვეყანა უკვე ახლავე ემზადება და გარკვეული სარეაბილიტაციო ჰოსპიტლებიც კი იქმნება, რათა იმკურნალონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც ხანგრძლივი „კოვიდის“ სიმპტომები აქვთ. ხანგრძლივი „კოვიდი“ ტოვებს გართულებებს. შეიძლება, ეს იყოს გულ-სისხლძარღვთა სისტემაში, ნერვულ სისტემაში, მაგალითად, მუდმივი გადაღლილობა, სტრესული მდგომარეობა, მეხსიერების პრობლემები, ე.წ. ტვინის დაბინდვა და ა.შ“, – განაცხადა წერეთელმა.
ამასთან, ზაზა წერეთელმა აღნიშნა, რომ როგორც კვლევებმა აჩვენა, ვაქცინირებულებში ხანგრძლივი „კოვიდი“ ძალიან მცირე დროის განმავლობაში მიმდინარეობს.
მისივე თქმით, ძალიან რთულია იმის თქმა, რომ „ომიკრონი“ ბოლო შტამი იქნება.
„მსოფლიოში ძალიან ბევრი ქვეყანა ჯერ კიდევ აუცრელია, რაც ტოვებს შანსს, რომ შეიძლება, ახალი შტამი გამოჩნდეს. არავის არ უნდა, თქვას, რომ „ომიკრონი“ არის ბოლო შტამი, რადგან ძალიან უცნაური ვირუსია. ამიტომ, ყველა ფრთხილობს და იმის თქმა, რომ დასასრულისკენ მივდივართ, ალბათ ძნელია. შეიძლება, ახალი შტამი გამოჩნდეს“, – განაცხადა ზაზა წერეთელმა.