ზაზა შენგელია - კახა ბექაური მარეგულირებელი კომისიის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო თავმჯდომარეა 
ზაზა შენგელია - კახა ბექაური მარეგულირებელი კომისიის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო თავმჯდომარეა 

კახა ბექაური ძალიან მაღალი დონის პროფესიონალია, კარგად არის გათვითცნობიერებული მაუწყებლის სფეროში და მიმაჩნია, რომ მარეგულირებელი კომისიის თუ ყველაზე უკეთესი არა, ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო თავმჯდომარეა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა დირექტორმა ზაზა შენგელიამ „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ზაზა შენგელიამ აღნიშნა, კახას ბექაურს კარგად იცნობს და 17 წლის განმავლობაში მასთან ერთად მუშაობდა.

“ერთად ვქმნიდით საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებლობას, რომელსაც თან ახლდა ძალიან მტკივნეული პროცესი ოპტიმიზაციის, რეორგანიზაციის. მინდა ვთქვა, რომ კახა ბექაური ძალიან მაღალი დონის პროფესიონალია, ძალიან კარგად არის გათვითცნობიერებული მაუწყებლის სფეროში და მიმაჩნია, რომ თუ ყველაზე უკეთესი არა, მარეგულირებელი კომისიის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო თავმჯდომარე გახლავთ, თავისი კვალიფიკაციიდან, გამოცდილებიდან და ცოდნიდან გამომდინარე. ადამიანი რომელსაც ამხელა გამოცდილება აქვს მაუწყებლობის სფეროდან, მგონია, რომ მასთან დაკავშირებით არ უნდა წარმოიშვას რაიმე სახის კითხვები”, – განაცხადა ზაზა შენგელიამ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” განცხადებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურს, თანამდებობის დაკავებისათვის კანონით დადგენილი აკადემიური ხარისხი არ აქვს, კერძოდ ის არის მათემატიკოსი, კანონი კი, კომისიის წევრობისთვის აუცილებელ პირობად სხვა სპეციალობის განათლებას ითხოვს. როგორც ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევიდან ირკვევა, ეს საკმარისი მიზეზი უნდა იყოს, რათა კახა ბექაური საკუთარი განცხადების საფუძველზე დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს.