ზაზა შათირიშვილი ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე მომზადებული ფილმის ეთერში გაშვებას მიესალმება
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ზაზა შათირიშვილი მიესალმება პირველი არხის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, „გამომძიებელი რეპორტიორის“ მიერ მომზადებული ფილმი ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ხვალ გავა ეთერში.
ზაზა შათირიშვილის თქმით, თუ პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისია ამბობს, რომ ფილმის გაშვება გამოძიებას არ დააზარალებს, ესე იგი ფილმის ჩვენების პრობლემა არ არსებობს.
„მე საერთოდ მომხრე ვარ, რომ სჯობს, ყველაფერი გავიდეს. ვნახე ფილმი. კითხვები ყოველთვის იქნება, თუმცა ასეთ შემთხვევაში არ მაინტერესებს ესთეტიკა, როგორ არის ფილმი გაკეთებული. ასეთ ვითარებაში ყოველთვის სჯობს, რომ ფილმი ეთერში გავიდეს. შექმნილია საპარალმენტო კომისია, არსებობს ისეთი იურიდიული ვითარება, რომ ნებისმიერი მასალა უკვე არის იურიდიული მასალა კომისიისთვის. პარასკევს, სამეურვეო საბჭოს სხდომაზე უნდა გვემსჯელა ფილმის გაშვების თემაზე. თუ უკვე მიღებულია ფილმის ეთერში გაშვების გადაწყვეტილება, ძალიან კარგია. შეიძლება, პარასკევს უკვე ვისაუბროთ კონკრეტულ საკითხებზე, მიკერძოებულობა და სხვა“, – განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.
პირველი არხის აღმასრულებელმა საბჭომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „გამომძიებელი რეპორტიორის“ მიერ მომზადებულ ფილმს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით პირველი არხი ხვალ გაუშვებს.