ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე და პანკისის სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი რუსთაველის გამზირზე აქციას მართავენ.
როგორც ზაზა სარალიძემ განაცხადა, მათი მთავარი მოთხოვნაა გადადგეს მთავრობა, ჩამოყალიბდეს დროებითი ხელისუფლება და დაინიშნოს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნები.
როგორც ზაზა სარალიძემ აღნიშნა, დღეიდან შიმშილობას იწყებს.
„ცხრა თვის შემდეგ მიწევს ქუჩაში გამოსვლა. იმის მაგივრად, რომ ჩვენ შვილებს ვგლოვობდეთ, გვიწევს ქუჩაში სამართლის ძებნა. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ჩემი შვილის მკვლელები უნდა იყვნენ გარეთ. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ყველა ის თანამდებობის პირი, ვინც გააყალბა საქმე, უნდა იყოს თანამდებობაზე. მათ დაასკვნეს, რომ არავის შეუშლია ხელი გამოძიებისთვის, თუმცა თავად ხელისუფლება არის დღეს მკვლელი და მკვლელების ხელისდამფარებელი.
დღეს აქედან ფეხს არ მოვიცვლი, აქ ვიქნები, ვიდრე სამართლიანობა არ აღდგება.
ჩემი კონკრეტული მოთხოვნაა, რომ ხელისუფლება გადადგეს. არავითარი წულუკიანი და გახარია ხელისუფლებაში. ისინი დღეს მკვლელობებს მფარველობენ.
დღეს კობახიძე გამოდის და ამბობს, რომ ჩვენ ადამიანის უფლებებს ვიცავთ, ჩემი შვილი რადგან მიწაშია უფლებები აღარ აქვს?! ჩემი შვილის უფლებებს და ღირსებას ბოლომდე დავიცავ.
შეიქმნას დროებითი ხელისუფლება და აუცილებლად დაიწყოს მსჯელობა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე, რადგან დღეს ხელისფულება მკვლელია.
ვიჯდები აქ და ვიწყებ შიმშილობას, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება“,- განაცხადა ზაზა სარალიძემ.