ზაზა სარალიძე - ზვიად კუპრავამ მითხრა, თუ არ გეწყინება, მე ჩემებურად გამოვიძიებ ამ საქმესო
ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ საქმის გამოძიებაში დიდი დამსახურება აქვს ზვიად კუპრავას.
როგორც ზაზა სარალიძემ აღნიშნა, ზვიად კუპრავა უნდა დაკითხოს როგორც შსს-მ, ასევე საგამოძიებო კომისიამ.
„თავიდან ვენდობოდი პროკურატურას და ვფიქრობდი, პროკურატურა საქმეს მიიყვანდა ბოლომდე, რაშიც ძალიან შევცდი. კუპრავა პირდაპირ გავიდა ბორის კაკუბავაზე, ეჭვი გაუჩნდა, რომ ეს იყო ის ბაბუა, რაზეც გვქონდა მერე საუბარი. სხვათაშორის სტატუსიც დავწერე იმასთან დაკავშირებით, რომ შსს-მ დაუყონებლივ დაიბაროს ზვიად კუპრავა და დაკითხოს ამ საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ არ ვიცი, დაკითხეს თუ არა. იმედია, თქვენც დაკითხავთ და დაწვრილებით თვითონ ისაუბრებს დანარჩენ დეტალებზე”, – განაცხადა სარალიძემ.
მისივე თქმით, ზვიად კუპრავას აღმოჩენაა, რომ მირზა სუბელიანი ინფორმაციას ფლობს ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის თაობაზე და ამის გამო პროკურატურა იცავდა მის ინტერესებს.
„ესეც ზვიად კუპრავას აღმოჩენაა, ვანო მერაბიშვილის გაყვანის კადრებთან დაკავშირებით, ინფორმაციას ფლობს მირზა სუბელიანი. ზვიად კუპრავამ უფრო დაზუსტებით იცის ეს. ფაქტია, რომ მირზა სუბელიანის ინტერესებს იცავდა პროკურატურა და ითვალისწინებდა ყველაფერს. თავდაპირველად მირზა სუბელიანი რომ თანამდებობის პირი იყო, ეს მე არ ვიცოდი. ზუსტად 2 დეკემბერი იყო, როდესაც ჩემი შვილი მოასვენეს სახლში, ზვიად კუპრავაც სამძიმარზე იყო მოსული და მითხრა ასეთი რამ, რომ ზაზა თუ არ გეწყინება, მე ჩემებურად გამოვიძიებ ამ საქმეს. რატომ უნდა მეწყინოს, ან რატომ უნდა მეთქვა უარი. ამის შემდეგ ხშირი კომუნიკაცია გვქონდა. ზვიად კუპრავამ მითხრა, რომ ერთ-ერთი ბავშვი იყო პროკურატურის მაღალჩინოსნის შვილი. შემდეგ დადგინდა ნათესაური კავშირი კალანდიებთან. პირველი დღიდან ვიცოდი, რომ მ.კ. ჩხუბის მონაწილე იყო და არა მარტო ჩხუბის, არამე ჩემი შვილის დაჭრის მონაწილე იყო”, – განაცხადა სარალიძემ.