ზაზა სარალიძე მთავარ პროკურორთან შესახვედრად უფლებადამცველების გარეშე არ შევიდა
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე ზვიად კუპრავასა და ალეკო ცქიტიშვილის გარეშე მთავარ პროკურატურაში არ შევიდა. მისი თქმით, ეს ადამიანები მისი უფლებადამცველები არიან.
მთავარი პროკურატურის ადმინისტრაციის უფროსმა მათ განუმარტა, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით, საქმის გარემოებებზე მთავარ პროკურორთან შეხვედრას მხოლოდ დაზარალებული უნდა დაესწროს.
თბილისის პროკურორი მალხაზ კაპანაძე აცხადებს, რომ მთავარი პროკურორი გამოთქვამს მზადყოფნას, შეხვდეს ზაზა სარალიძეს ნებისმიერ ადვოკატთან ერთად, ვისაც საადვოკატო საქმიანობის უფლება აქვს.
„მთავარი პროკურორი მზად იყო ზაზა სარალიძეს შეხვედროდა და მიეწოდებინა ინფორმაცია, მოესმინა მისთვის, გაეცა ნებისმიერ კითხვაზე პასუხი. საშვი იყო მასზე და ქალბატონ ლონდარიძეზე – მის ადვოკატზე. შეთავაზება ძალაშია. მთავარი პროკურორი გამოთქვამს მზადყოფნას, შეხვდეს მას ნებისმიერ ადვოკატთან, ვისაც საადვოკატო საქმიანობის უფლება აქვს. კანონით შეზღუდულია იმ პირთა წრე, ვისაც შეუძლია არასრულწლოვნების საქმეზე მიიღოს ინფორმაცია. ჩვენ დაზარალებულის მხარე ვართ და ვიბრძვით მასთან ერთად, რათა კანონის წინაშე ყველამ პასუხი აგოს“, – განაცხადა მალხაზ კაპანაძემ.
დღეს დაგეგმილი შეხვედრის ინიციატორი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე იყო. პროკურორმა მოკლული არასრულწლოვნის მამას შეხვედრა შესთავაზა, რადგან ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ პროკურატურა მის დისკრედიტაციას ახდენს და მასზე სავარაუდოდ, თვალთვალი მიმდინარეობს.