ზაზა სარალიძე ირაკლი შოთაძესთან შეხვედრაზე უარს აცხადებს და ითხოვს, მის კითხვებს საჯაროდ გაეცეს პასუხები
ზაზა სარალიძე ირაკლი შოთაძესთან შეხვედრაზე უარს აცხადებს და ითხოვს, მის კითხვებს საჯაროდ გაეცეს პასუხები

საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამას ზაზა სარალიძეს მთავარ პროკურორთან ირაკლი შოთაძესთან შეხვედრა შესთავაზა, თუმცა ზაზა სარალიძემ უარი განაცხადა.

ზაზა სარალიძე ითხოვს, ირაკლი შოთაძემ საჯაროდ გასცეს მის კითხვებს პასუხი.

„გარეთ გამოვიდეს და აქ მელაპარაკოს“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ნათია სუხიაშვილის განცხადებით, პროკურატურის შეთავაზება ძალაში რჩება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ.

სასამართლოს განაჩენით, გ.ბ. რომელსაც ბრალი ედებოდა არასრულწლოვან ლევან დადუნაშვილის, ასევე არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში, ცნობილი იქნა დამნაშავედ მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში, ხოლო სრულად გამართლდა არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდში.

რაც შეეხება ბრალდებულ გ.ჯ.-ს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, გ.ჯ.-ის მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა, როგორც დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.

დაზარალებულთა ახლობლები სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამა ზაზა სარალიძე თავის ახლობლებთან ერთად, მთავარ პროკურატურასთან მივიდა, სადაც საპროტესტო აქციას მართავს.