ზაზა სარალიძე დავით ოქიტაშვილის დაკითხვას ითხოვს
ზაზა სარალიძე დავით ოქიტაშვილის დაკითხვას ითხოვს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან კულტურის პალატის პრეზიდენტის, დავით ოქიტაშვილის დაკითხვას მოითხოვს.

სარალიძის თქმით, დავით ოქიტაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ლევან დადუნაშვილი დავით სარალიძის გამო მოკლეს.

სარალიძე შსს-ს მოუწოდებს, დაიკითხოს ოქიტაშვილი და გაირკვეს, საიდან ფლობს ამ ინფორმაციას, ან თუ არ დადასტურდება მისი ნათქვამი, დეზინფორმაციის გავრცელებისთვის პასუხი აგოს.

პირველი არხი დავით ოქიტაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ კომენტარს ამ საკითხზე იმ შემთხვევაში გააკეთებს, თუ სამართალდამცავი უწყება მას დაკითხვაზე დაიბარებს.