ზაზა სარალიძე -  ჩემი კითხვაა, სად არის ჩემი შვილის მკვლელი
ზაზა სარალიძე -  ჩემი კითხვაა, სად არის ჩემი შვილის მკვლელი

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარი პროკურატურიდან სიახლეებს ყოველ დღე ველოდები, რადგან ბოლო სამი თვის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა.

ზაზა სარალიძე ქუთაისში, პარლამენტში იმყოფება, სადაც დღეს დეპუტატები შინაგანს საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მოუსმენენ.

„სიახლეებს ველოდები და სწორედ ამიტომ ვარ ქუთაისში, რომ მინისტრის პასუხებს პირადად მოვუსმინო. არა მხოლოდ მინისტრის პასუხებს, არამედ დეპუტატების გამოსვლებიც მაინტერესებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთსა და იმავე ხერხს მიმართავენ, რომ დამნაშავეების დასაკავებლად მზად არიან, მაგრამ ფაქტია, პროკურატურა თავს იკავებს. პროკურატურაში სხვა პასუხს ვიღებ,  შინაგან საქმეთა სამინისტოში – სხვას. ანუ, შინაგან საქმეთა სამინისტრო მზად არის მკვლელების დასაკავებლად, მაგრამ პროკურორები შესაბამის განკარგულებას არ გასცემენ“, – განაცხადა სარალიძემ.

მისი თქმით, პროკურატურა ამბობს, რომ არ არსებობს მტკიცებულებების ერთობლიობა, რის საფუძველზეც ბრალი შეიძლება იქნას წარდგენილი კონკრეტული პირის მიმართ.

„დამერწმუნეთ, საქმის მასალებში მტკიცებულებები არსებობს, ყველაფერი გამოკვლეული და ნათელია, უბრალოდ, ვიღაც ადამიანის კეთილი ნება სჭირდება, რომ სამართალი აღსრულდეს.

გახარიას გადასაწყვეტია, პოლიტიკური ნება ექნება თუ არა. ჩემი კითხვაა – სად არის ჩემი შვილის მკვლელი. ეს არის უდიდესი კითხვა. სამწუხაროდ, არ მგონია, კითხვა დამასმევინონ“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას დღეს პარლამენტში მოუსმენენ. მინისტრი პლენარულ სხდომაზე კანონმდებლებს საკუთარი საქმიანობის შედეგებს გააცნობს, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.