ზაზა სარალიძე - არ მივცეთ ჩვენს შვილებს უფლება, რომ სისხლი დაღვარონ [ფოტო]
ზაზა სარალიძე - არ მივცეთ ჩვენს შვილებს უფლება, რომ სისხლი დაღვარონ [ფოტო]

დაე, იყოს ჩემი შვილი მსხვერპლი, რათა ხვალ არ გაგრძელდეს იგივე, ახალგაზრდების მკვლელობა, ჩვენი მომავალი თაობის გაწყვეტა, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ზაზა სარალიემ აქციაზე შეკრებილებს მიმართა, ახალგაზრდებს სისხლის დაღვრის უფლება არ მისცენ.

„დამერწმუნეთ, ჩემი შვილის უკან, ლევან დადუნაშვილის უკან, სხვა ახალგაზრდები დგანან, რომლებიც გამსჭვალულნი არიან შურისძიების სურვილით. არ მივცეთ უფლება ჩვენს შვილებს, რომ სისხლი დაღვარონ. ერთად დავდგეთ, გავერთიანდეთ, რომ სამართალმა პური ჭამოს“, – აღნიშნა სარალიძემ.

დავით სარალიძის მამის თქმით, ექსპერტები ადასტურებენ, რომ მისი შვილის მკვლელობისას საქმეში არსებული ორი დანის გარდა, სხვა ნივთებით იყო გამოყენებული.

„დღესაც მორიგი პროცესი ჩატარდა, იქიდან მოვდივარ პირდაპირ, სადაც თვალნათლივ, პირდაპირ და დადასტურებულად, კატეგორიულად დაადასტურეს ექსპერტებმა, რომ ჩემი შვილის სხეულზე არ იყო გამოყენებული მხოლოდ ის ორი დანა, რომლითაც მას ჭრილობები მიაყენეს და არ იყო გამოყენებული მარტო დანები. იყო გამოყენებული სხვა საგნები, რომლებიც სამხარაულის ექსპერტიზამ პროკურატურის დავალებით დამალა. სამხარაულის ექსპერტიზამ ფაქტობრივად გაანადგურა ერთ-ერთი დანა, რომელზეც აღარ შეიძლება ხელმეორედ ექსპერტიზის ჩატარება. მაქსიმალურად ცდილობენ ჩემს დისკრედიტაციას. როდესაც პროკურორ გუგუშვილს მოთხოვნა წავუყენე, რომ თუ სამართლიანობა არ იზეიმებს, უკაცრავად გამოთქმისთვის, მალალეტკების ომი დაიწყებათქო, დაიწყოს არაუშავს, ეგ ჩემი პრობლემა არ არისო“, – განაცხადა სარალიძემ.

მოკლული დავით სარალიძის მამამ აქციაზე შეკრებილებს მადლობა გადაუხადა.

„მე მჯერა თქვენი, მე მჯერა ჩვენი ერთიანობის, რომ მომავალი თაობა ჩვენია და ეს ყოველთვის გვემახსოვრება. დიდი მადლობა ისევ და ისევ. მაპატიეთ, რომ შეგაწუხეთ. ძალაინ დიდი მადლობა“, – დასძინა სარალიძემ.

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ აქცია ლოზუნგით – #ნუმომკლავ ზაზა სარალიძის ორგანიზებით გაიმართა.

აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნებია დაისაჯოს ყველა პირი, ვინც მკვლელობის ორგანოზატორი იყო, ასევე მათივე განცხადებით, უნდა დაისაჯონ მკვლელობის დაფარვაში მონაწილეებიც.

აქციას შეურთდა პანკისის სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი, ასევე ძიუდოისტები, რომლებმაც დღეს, 17:00 საათზე ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის გადადგომა პარლამენტთან მოითხოვეს.

აქციაზე იმყოფებიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ასევე ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.