ზაზა პაპუაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ - რა უნდა გავაკეთოთ, გამოგიყვანოთ, გაგანგრიოთ და მოგკლათ, თუ რა გაგიკეთოთ
ძალიან უხერხული მდგომარეობა იქმნება, რა გინდათ, სადამდე მიდიხართ ამ პროვოკაციით, რა უნდა გავაკეთოთ, გამოგიყვანოთ, გაგანგრიოთ და მოგკლათ, თუ რა გაგიკეთოთ, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს საქართველოს პარლამენტში, სადაც ცოტა ხნის წინ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
„შთაბეჭდილება რომ არ დარჩეს ვინმეს ისეთი, კარგად განვმარტოთ, რა როგორ არის. არავის სჭირდება სწავლა, რომ ნებისმიერი კრიტიკული აზრი უნდა მოისმინო. ძალიან უხერხული მდგომარეობა იქმნება. სიმართლე გითხრათ, 54 წლის კაცი დავიბენი, აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. ბოლოს და ბოლოს, რა გინდათ, სადამდე მიდიხართ ამ პროვოკაციით, რა უნდა მოაწყოთ, რომ გადიხართ და ხელებს იშვერთ. ორი საათი ვუსმენ კაცს, რომელიც ყეფდა, რეებს არ იძახდა, რას არ აკეთებდა, პასუხიც არ უნდა გავცეთ?! რა უნდა გავაკეთოთ, გამოგიყვანოთ, გაგანგრიოთ და მოგკლათ, თუ რა გაგიკეთოთ, გამაგებინეთ.
რაც არ უნდა კრიტიკული აზრი იყოს, უნდა თქვა, აქვს ვიღაცას ამის კულტურა, რომ თქვას და ვიღაცას – არა. ამიტომ იწვევთ ამ მდგომარეობას. ვინ იყო ახლა აქ ისეთ სიტუაციაში, რომ თქვენთვის რამე ეთქვა და გადასულიყვნენ იმ ჯებირს. თქვენ რა უნდა ასწავლოთ ხალხს, ნუ გამაგიჟეთ. გიყურებთ ხალხი, რვაასჯერ გაგაგდეს პოლიტიკიდან, აღარ ხართ ამ დედამიწის ზურგზე, რეალობაში აღარ ხართ, პასუხი როგორ გაგცეთ, მე აღარ მესმის. გაქაჩვ-გამოქაჩვები რა უბედურებაა. საჩხუბო მოედანიც კი არ არის ნორმალური, კაცმა რომ იჩხუბოს და ვის უნდა ეს ჩხუბი და დავიდარაბა. როგორ უნდა აგიხსნათ სხვანაირად, თქვენ გამოიწვიეთ ეს პროვოკაცია. ბოდიში მაინც მოიხადეთ, რომ არასწორად მოიქეცით. ზის კაცი, ყეფს, არ შეიძლება, რაც არ უნდა მტყუანი იყოს კაცი, არ უნდა გადახვიდე მის პირად შეურაცხყოფაზე“, – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტში ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნიკა მელია და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი დაუპირისპირდნენ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნიკა მელიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნები გაყალბდა. ამის შემდეგ სიტყვით გამოვიდა ირმა ინაშვილი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გამოსვლა რამდენჯერმე შეაწყვეტინა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
დეპუტატებს სიმშვიდისკენ მოუწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ ნიკა მელიამ მოაწყო კლოუნადა.
„არაფერი არ ხდება, ისინი უბრალოდ მარცხს ვერ ეგუებიან. მერამდენედ უნდა მოაწყოს კლოუნადა ნიკა მელიამ. „ნაცმოძრაობა“ ვერ ეგუება მწარე მარცხს, რომელსაც ჩვენ დავპირდით. ასეთია დამარცხებული „ნაცმოძრაობის“ სახე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.