ზაზა პაპუაშვილი - მირჩევნია, კარგი სპექტაკლი ვნახო, ვიდრე სპექტაკლის მერე - არა რუსულ კანონს, გამოდიან სტერეოტიპულად ერთნაირად, თან დაბნეულები, არ იციან, კარგს ჩადიან თუ ცუდს, უმწეო სიტუაციაა
მირჩევნია, კარგი სპექტაკლი ვნახო, სერიოზული მსახიობური ნამუშევრები, ვიდრე სპექტაკლის მერე – არა რუსულ კანონს, – ამის შესახებ მსახიობმა, ზაზა პაპუაშვილმა გადაცემაში „უცნობის კიდობანი“ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის უმწეო სიტუაცია.
„დრომ მოიტანა და დრო წაიღებს. სასაცილოა, ხომ არ არის სერიოზული, სამწუხაროდ. ეს იცი, რისი ნიშანია, რომ მაგ ადგილას აღარ არის დიდ შემოქმედებაზე საუბარი, მაღალ მხატვრულ ღირებულებაზე, სიღრმეებზე. ეს ყველაფერი დაგყავს და ხდები მასკულტურის წევრი. ამასობაში თეატრს ღრმა აზროვნება, ალეგორია, იგავი, თხრობა, სტილი, ეს ყველაფერი უხდება. ამის გაკეთება დღეს არ არის რთული და დიდ ვაჟკაცობას ეს არ მოითხოვს. ამით ხვალ და ზეგ ვერ იამაყებ. იოლია მიტინგებზე სიარული, რაც ენაზე მოგადგება იმის საუბარი, მით უმეტეს, სპექტაკლი დამთავრდა და – არა რუსულ კანონს, თან გამოდიან სტერეოტიპულად ერთნაირად, გამოიტანენ რაღაც პლაკატს, თან დაბნეულები, არ იციან, კარგს ჩადიან თუ ცუდს, მაგრამ რაღაც აქტია, ეგებ კარგია ხვალ, ეგებ არ არის კარგი. ჩემი აზრით, უმწეო სიტუაციაა, არ ვარგა ეს. თეატრი გრანდიოზული რამ არის, ეს სიტუაცია, რომ – არა რუსულ კანონს და თეატრი ჩაგყავს ცოტა უფრო დაბალ საფეხურზე, ვიდრე უნდა იყოს, არ არის იქ ვაჟკაცობა. ვაჟკაცობა ისეთ ქმედებებშია, როცა შენს ბიოგრაფიაში არსებობს ისეთი რამ, რომ ურთულეს მომენტში ხმა ამოგიღია, გითქვამს, ჩემხელა ბიჭებს რას უშვებით, რა უქენით იმათ მშობლებს, რატომ ამტვრევთ ძვლებში, რატომ აქრობთ?! შენგან პროტესტიც ჩემთვის მისაღებია, მაგრამ შენ საერთოდ კრინტიც რომ არ გითქვამს, არ გაჭაჭანებულხარ და გამოდიხარ – არა რუსულ კანონს, ჩემი ბიოგრაფიის მქონე ადამიანს ამაზე მეცინება. მირჩევნია, კარგი სპექტაკლი ვნახო, სერიოზული მსახიობური ნამუშევრები, ვიდრე ასე ვნახო თეატრი სპექტაკლის მერე – არა რუსულ კანონს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.