ზაზა პაპუაშვილი - ცვლილებებთან დაკავშირებით გუნდში აუცილებლად დაიწყება საუბარი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ცვლილებებთან დაკავშირებით გუნდში აუცილებლად დაიწყება საუბარი.
როგორც ზაზა პაპაუშვილი ამბობს, გუნდსა და ინსიტუტების მხრივ ცვლილებებზე თავადაც აქვს მოსაზრებები.
„მე ბევრი მოსაზრება მაქვს ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელზეც გუნდში აუცილებლად დაიწყება ლაპარაკი. მაქვს ჩემი მოსაზრება ინსტიტუციებთან დაკავშირებითაც, რას როგორი რეფორმა სჭირდება. აუცილებლად დავსხდებით და დავიწყებთ ამაზე ლაპარაკს. სწორედ ამ მომენტმა მიიქცია ჩემი ყურადღება ინტერვიუში. ამას ყველა თანაგუნდელის აზრის მოსმენა სჭირდება, რომ რაღაც სასწრაფო ცვლილებებია საჭირო”, – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, მთავარი, რაც გუშინდელ ინტერვიუში ითქვა, არის ის, რომ ერთ წელიწადში ყველაფერი დალაგდება და მოწესრიგდება.
„ბევრი ნაცნობი თემა იყო გუშინდელ ინტერვიუში. „რუსთავი 2“ რაც არის ქვეყნისთვის, ყველამ კარგად ვიცით. მთავარი, რაც ითქვა, არის ის, რომ ერთ წელიწადში ყველაფერი რაღაცნაირად დალაგდება და მოწესრიგდება”, – განაცხადა დეპუტატმა.
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „TV პირველის“, „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში ქვეყანაში ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. მისი თქმით, უფრო მკაცრი მოთხოვნები იქნება „ქართული ოცნების“ ყველა წევრის მიმართ.