ბიძინა ივანიშვილი - ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში ქვეყანაში ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა
ბიძინა ივანიშვილი - ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში ქვეყანაში ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა

ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში ქვეყანაში ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, „TV პირველის“, „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს „იმედის“ ჟურნალისტის, ირაკლი ჩიხლაძის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, უფრო მკაცრი მოთხოვნები იქნება „ქართული ოცნების“ ყველა წევრის მიმართ.

„მე დავბრუნდი პოლიტიკაში, სამწუხაროდ. მე მოვახერხებ, რომ ვერტიკალი გუნდში გავამყარო, გუნდში ნიჭიერები უფრო წინ წამოვიდნენ და უფრო აქტიურები გახდნენ. უფრო მკაცრი მოთხოვნები იქნება „ქართული ოცნების“ ყველა წევრის მიმართ. პარტიაც გაძლიერდება და  მოვახერხებ, რომ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს საზოგადოებაში  ყველას თავისი სახელი ერქმევა, ყველას თავისი ადგილი ექნება. ამას არ დასჭირდება ბევრი დრო.  „რუსთავი 2“ ვერ შეძლებს, საზოგადოების დიდი ნაწილი მძევლად ჰყავდეს და განსხვავებული აზრი არ მოისმინოს, ასეთ სიცრუეში აცხოვროს საზოგადოება.  რაც გააკეთეს 9 წლის მმართველობის დროს, დღესაც ცდილობენ, ისევ ძალადობისა და სიცრუით მოახდინონ საზოგადოების მანიპულირება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით, “პირველ რიგში მაქსიმალურად გაამყარებს საკუთარ გუნდს”.

„მე ვპირდები საზოგადოებას პირველ რიგში იმას, რომ საკუთარ გუნდს მაქსიმალურად გავამაგრებ და გავამყარებ. მენეჯმენტია ჩემი უპირატესობა, რითაც წარმატებას მივაღწიე. მე გავაკეთებ ისეთ მენეჯმენტს, დავეხმარები გუნდს. ამისთვის  მოვბრუნდი სწორედ, რომ მათ უჭირდათ და დასჭირდათ ჩემი რესურსი. ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში ქვეყანაში ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.