ზაზა პაპუაშვილი - არ მგონია, ირაკლი კობახიძის შეფასებით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რა არის შეცდომა და რა არა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დეპუტატ ზაზა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ კომენტართან დაკავშირებით უმრავლესობის სხდომაზე კითხვები ექნება.
პაპუაშვილის განცხადებით, ის არ თვლის, რომ ირაკლი კობახიძის შეთანხმებით უნდა იხელმძღვანელონ, თუ რა არის სწორი და რა – არა. მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა დაასახელოს ის სამი-ოთხი ადამიანი, ვისზეც საუბრობდა.
„რა არის შეცდომა და რა – არა, ეს კიდევ საკითხავია და არ მგონია, მისი შეფასებით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რა არის შეცდომა და რა არა. იქნებ მე სხვა რაღაც მგონია შეცდომა ან ასეთი განცხადების გაკეთება. ჭეშმარიტებაზე და სიმართლეზე ასე თამამად ნუ ვილაპარაკებთ. უმრავლესობის სხდომაზე მექნება კითხვები ამ კომენტართან დაკავშირებით, რა არის შეცდომა, რა არა. ვინ არის ის სამი-ოთხი კაცი დაასახელონ, ეგებ გავბედნიერდე და აღმოვჩნდე ამ სამ-ოთხ კაცში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, აპირებს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას, პაპუაშვილმა განაცხადა, ასეთი საკითხები ისტერიულად არ უნდა გადაწყდეს და ფრაქციის წევრებთან შეუთანხმებლად მსგავს გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.
„არ მგონია, უმრავლესობის დატოვება ჩამეთვალოს ან ვინმეს ჩაეთვალოს დიდ ცოდვად. ამას სჭირდება არგუმენტაცია, ამას სჭირდება ახსნა, ხელაღებით რაღაცების კეთება არ შეიძლება. მე ვარ ცალკე ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციაში ჩემი კოლეგები არიან. მათთან კონსულტაციის გარეშე, მათთან შეუთანხმებლად ასეთი ნაბიჯების გადადგმა არ შეიძლება. ასეთი საკითხები ისტერიულად არ უნდა გადაწყდეს. მე არ ვიცი, ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხვალ ან ზეგ“, – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ სამმა-ოთხმა დეპუტატმა საჯარო განცხადებების დროს შეცდომა დაუშვა.