ზაზა პაპუაშვილი - ადგეს გიგა ბოკერია, კოლეგებს ბოდიში მოუხადოს ან დატოვოს დარბაზი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაზა პაპუაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიას ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.
როგორც ზაზა პაპუაშვილმა აღნიშნა, ტერმინი, რომელიც გიგა ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოიყენა, მიუღებელია.
„მე მოგიწოდებთ თქვენ, პარლამენტის თავმჯდომარეს, ამ დეპუტატმა, რომელსაც ბოკერია ჰქვია, ადგეს, მოუხადოს ბოდიში კოლეგებს, ეს არის ღირსების საკითხი, ეს არის კოლეგიალობის საკითხი. ბოდიში მოიხადოს იმ ტერმინებისთვის, რაც ისმოდა, რასაც თავად ლაპარაკობდა ან გააძევეთ დარბაზიდან. მერე და მერე რაც მოხდება, პასუხისმგებლობა თქვენ დაგეკისრებათ და იმ ადამიანებს, ვინც ამას იტანს. ადგეს, ყველა კოლეგას ბოდიში მოუხადოს ასეთი ტერმინებისთვის, ასეთი სიტყვებისთვის, რომელიც უკადრისია, როდესაც პლენარული სხდომა მიმდინარეობს“, – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.
გიგა ბოკერიამ დღეს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ცეკა-ს ყოფილი ინსტრუქტორია, რის შემდეგაც პარლამენტის სხდომაზე დაპირისპირება მოხდა. როგორც ბოკერიას საპასუხოდ გია ვოლსკიმ აღნიშნა, იმ ადამიანებს, რომლებზეც ბოკერია საუბრობდა, ყავარჯნებით ადამიანები არ გაუუპატიურებიათ.