ზაზა ოქუაშვილი ხელისუფლების მოქმედ და ყოფილ წარმომადგენლებს ადანაშაულებს
ზაზა ოქუაშვილი ხელისუფლების მოქმედ და ყოფილ წარმომადგენლებს ადანაშაულებს

„ომეგა ჯგუფის” დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის განცხადებით, უჩა მამაცაშვილის, ოთარ ფარცხალაძისა და გიორგი გახარიას წინააღმდეგ არა ერთი მტკიცებულება არსებობს, მათ შორის არის ფოტო და აუდიო მასალები.

ამის შესახებ ოქუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

ბიზნესმენი აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ბიზნეს სფეროზე რეკეტი გააძლიერა, რაშიც, მისივე თქმით, ივანიშვილი ყოფილ პროკურორსა და შინაგან საქმეთა მოქმედ მინისტრს აქტიურად იყენებს.

ოქუაშვილის თქმით, 2012 წლის შემდეგ მან სამართლიანობის აღდგენის მიზნით, მთავარ პროკურატურას მიმართა, თუმცა ბიზნესმენის განცხადებით, მისი საქმიანობის სუსტი მხარეები მაშინდელმა ბიზნესომბუდსმენმა და ყოფილმა პროკურორმა ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ გამოიყენეს.

ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ ივანიშვილი ფარცხალაძისა და გახარიას დახმარებით მისგან ბიზნესის შენარჩუნების ხარჯზე ე.წ. ატკატებს ითხოვდა.

„კონკრეტულად ამბავი და ისტორია იწყება ყიფიანის ჩემთან მოსვლით. ოფიციალურად დავიქირავეთ ჩვენ. ვუხდიდით საკმაოდ. მალე ავუღე ალღო, რომ ეს უფრო მოგზავნილს ჰგავდა, მისი მოქმედებებიდან გამომდინარე. როდესაც მან მთხოვა ბიძინასთან შეხვედრა, ეტყობა მომწიფდა საკითხები. მე, რა თქმა უნდა, გულახდილად ვუთხარი პრობლემები წარმოების.

ბიძინასთან იჯდა გახარია, მაშინ იყო ბიზნესომბუდსმენი და ყურადღებით უსმენდა, სხვათა შორის, გახარიას ჰქონდა ინფორმაციები რა გაჭირვება იყო. პირველი შეხვედრის შემდეგ ის არის მობილიზებული, რომ კონტროლი აიღოს ბიზნესზე, თუ რამე თავისუფალია, ივანიშვილზე ვსაუბრობ“,- განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

ოქუაშვილი ყვება, რომ მას ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ჯგუფის წევრმა, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ ბიზნესის ლობირებისთვის ოთხი მილიონის გადახდა მოთხოვა.

ოქუაშვილი ამბობს, რომ მან ფარცხალაძის მოთხოვნილი თანხის შესახებ სპორტის ყოფილ მინისტრს, ლევან ყიფიანს შეატყობინა, რომელიც თავის მხრივ ყოფილ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან მივიდა და ეს ინფორმაცია მიაწოდა, რის შემდეგაც თავად კვირიკაშვილი შეხვდა ივანიშვილს და მას უთხრა, რომ ფარცხალაძე ზაზა ოქუაშვილისგან ოთხ მილიონს ითხოვდა.

ზაზა ოქუაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილი ლევან ყიფიანის საქციელმა გააღიზიანა და მისი დასჯა ყოფილ მთავარ პროკურორ, ოთარ ფარცხალაძეს მოსთხოვა.

„იმ შემთხვევაში ივანიშვილი იყო უკმაყოფილო, როგორც ლევანმა თქვა, გადასცა ეს ფარცხალაძეს და ფარცხალაძემ დასაჯა ლევანი ზედმეტი სიარულისთვის და არასწორი მისამართისთვის. ჩააგდეს სარდაფში და დანარჩენი ლევანს ჰკითხოთ სჯობს. ჩვენ როგორც ვიცით, ჩააგდეს სარდაფში და სცადეს შეურაცხყოფის მიყენება, კაცი თავის მოკვლას აპირებდა. იმ სახლის სარდაფში ჩემი ხალხი თვალყურს ადევნებდა, რადგან ლევანი რომ წავიდა, იცოდნენ და როცა დაიკარგა ლევანი იმ ღამეს ყველა განვიცდიდით. მერე იყო უფრო მეტი დაშინება და იგივე ჩვენი დირექტორების, რომ ამ სარდაფის ილეთები არ გაგრძელებულიყო“,-ამბობს ოქუაშვილი.

მისი თქმით, მომხდარის შესახებ ლევან ყიფიანმა თავად უამბო. ოქუაშვილი ამბობს, რომ ამის შემდეგ ივანიშვილი მიხვდა, რომ ბიზნესმენი ფულს დაშინების მიუხედავად არ გადაიხდიდა და ამიტომ ოთხი მილიონი თავად მოსთხოვა.

„ოთხი მილიონი უნდა დაენახათ როგორც თაგვს ყველი, რომ ცოტა დამშვიდებულიყვნენ“,- აცხადებს ოქუაშვილი. მისივე თქმით, შეიქმნა ფირმა, რომელიც დარეგისტრირდა ოფშორში და 24 საათში მის ანგარიშზე ოთხი მილიონი დაჯდა.

„ავიღე და ოთხი მილიონი გადავრიცხე ანგარიშზე, რომელიც ერთი დღის გახსნილი ფირმა იყო. ფირმა იყო გახსნილი ოფშორში და დაჯდა ოთხი მილიონი, ინიშნება დირექტორები და 24 საათში ფირმიდან გადის ოთხი მილიონი ქეში, რომელიც აბსოლუტურად არის დარღვევა ყველა საბანკო პროცედურის“, – განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

მისი თქმით, თანხა გასცა „თიბისი ბანკმა“, რომელიც იმყოფებოდა გიორგი გახარიას ზეწოლის ქვეშ.

„ეს მოხდა „თიბისი ბანკში“ დაიბარეს დირექტორები და რა ზეწოლის ქვეშ იყო ბანკის დირექტორი ბუცხრიკიძე და ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტიო ხაზარაძე, დაიბარა გახარიამ. რეკავდა ფარცხალაძე, რეკავდა ლევანი. ვერ დაბლოკეს. „თიბისი ბანკს“ უნდა დაებლოკა, ეს იყო აბსოლუტურად პროცედურის დარღვევა. ის რომ ფირმა 24 საათის გახსნილი იყო. ის რომ ფირმაში 4 მილიონი ასე ერთბაშად არ უნდა გაცემულიყო. ამ შემთხვევაში მივიდა ბუცხრიკიძე და უთხრა თვითონ. თანავუგრძნობ მას. ყველა ვერ გაუძლებს იმ ზეწოლას, რაც ჰქონდა ივანიშვილისგან და გახარიასგან“,- განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

ოქუაშვილის განცხადებით, ის იმედოვნებდა, რომ ბანკი 18:00 საათზე დაიხურებოდა და ამ თანხის გატანას ვერ შეძლებდნენ, თუმცა, მისივე თქმით, ზეწოლის შედეგად მოხდა ისე,რომ ბანკმა თანხა 20:00 საათზე გასცა.

ბიზნესმენის განცხადებით, მას შემდეგ რაც ფირმის დირექტორებმა თანხა გაიტანეს, მათ გარეთ დახვდათ შეიარაღებული პირები და მიუთითეს, რომელ მანქანაში უნდა ჩაედოთ ფული.

ამასთან, „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ის ჩამოვა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებზე და ღიად აფიქსირებს, რომ მხარს უჭერს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს.

მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი მას სთხოვდა, მიეცა ოთხი მილიონი, ასევე თანხა ჩაერიცხა „ქართული ოცნების“ ფონდში, მას ასევე აიძულებდნენ, დაეფინანსებინა „პატრიოტთა ალიანსი“.

„მოითხოვეს „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსება. მოთხოვნილი იყო მათგან აგრეთვე, რომ დამატებით პროცენტების განაწილებასთან ერთად „ოცნებაში“ დამატებით უნდა დამეფინანსებინა კიდევ ალიანსი“,-განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა და აღნიშნა, რომ მიუხედავად მოთხოვნისა, ის არაფერს აფინანსებდა და არ მონაწილეობდა კორუფციულ გარიგებებში.