ზაზა ხატიაშვილი - „ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაზარალებული ამერიკის მოქალაქეები თეთრ სახლთან აქციას გამართავენ და დონალდ ტრამპთან შეხვედრას მოითხოვენ
სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაზარალებულებმა მთავარ პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გამართეს.
როგორც აქციაზე დაზარალებულების ადვოკატმა, ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, ის პროკურატურას მოუწოდებს, „თაღლითური საქმის მონაწილე ყველა პირი დააკავონ“.
ადვოკატის თქმით, დაკავებულია კომპანიის მხოლოდ ერთ-ერთ დამფუძნებელი ზაზა რაზიკაშვილი, თუმცა მას განკარგვის უფლება მაინც აქვს, რასაც ხატიაშვილი აპროტესტებს.
ხატიაშვილის ინფორმაციით, დაზარალებულთა შორისაა ამერიკის შვიდი მოქალაქე, რომლებიც საკითხთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში ვაშინგტონში, თეთრ სახლთან აქციის გამართვას გეგმავენ და პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრას მოითხოვენ.
„დაკავებულია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ თავმჯდომარე ზაზა რაზიკაშვილი. მან მიითვისა 28 მილიონ ლარზე მეტი და ეს ადამიანი დღესაც რჩება ამხანაგობის თავმჯდომარედ. მინდობილობის საფუძველზე შეუძლია, განახორციელოს ამხანაგობის მართვა. ამერიკის მოქალაქემ გაიგო ეს ფაქტი და ჩამოვიდა აქციაზე დასასწრებად, ხვალ მიდის აქედან, რომ თეთრ სახლთან დადას კარავი. ამერიკის შვიდი მოქალაქეა დაზარალებული“, – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
„ოლიმპიური ვარსკვლავის“ მრავალსართულიანი კორპუსი, რომელიც საბურთალოს ყოფილი ბაზრობის ტერიტორიაზე უნდა აშენებულიყო, მოსახლეობას 2009 წელს უნდა ჩაბარებოდა. საქმეზე სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ დირექტორს, ზაზა რაზიკაშილს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა 2018 წლის 4 დეკემბერს მიესაჯა.