ზაზა გახელაძის მეუღლე - ეს არის ჩვენი მეორედ დაბადება, დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდით დაგვიდგა

ზაზა გახელაძის მეუღლე ირმა ბუთხუზი აცხადებს, რომ მეუღლის დღეს გათავისუფლებას არ ელოდებოდა. მისივე თქმით, დღვანდელი დღე ოჯახისთვის მეორედ დაბადების ტოლფასია.

ირმა ბუთხუზმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მათ გვერდით დაუდგა.

„ეს არის ჩვენი მეორედ დაბადება. მინდა, ყველას, მადლობა გითხრათ, დაწყებული პრეზიდენტიდან, პრემიერ-მინისტრს, ყველა სასულიერო პირს, რომელიც ჩართული იყო ჩვენს საქმეში. ასევე, მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ირაკლი ანთაძეს, რომელიც დღემდე დაუღალავად მუშაობდა, ჟურნალისტს, თითოეულ ადამიანს, რომელმაც ჩვენი გვერდით დგომა გამოხატა. გათავისუფლებას დღეს არ ველოდებოდით. დღეს წითელმა ჯვარმა „სკაიპის“ საშუალებით დაგვალაპარაკა. ზაზასთვის ეს ალბათ მოულოდნელი იყო. რომ დაველაპარაკე, მან გათავისუფლების შესახებ არაფერი იცოდა, ჩვეულებრივად მოგვიკითხა. ერთმანეთს ვუთხარით, რომ ღმერთის იმედით, მალე მომხდარიყო შეხვედრა. არ გვეგონა, ასე მალე თუ ახდებოდა ეს ყველაფერი“, – განაცხადა ზაზა გახელაძის მეუღლემ.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე უკანონო პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, რა დროსაც იგი ფეხში დაიჭრა. დე ფაქტო ხელისუფლება ზაზა გახელაძეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ბრალს სდებდა სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში. მიმდინარე წლის 5 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მაისში ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდა და აღნიშნა, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებდა ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს მის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად, საკითხი დაყენებული იყო მაღალ პოლიტიკურ დონეზე და აქტიურად განიხილებოდა საერთაშორისო პარტნიორებთან. ზაზა გახელაძის საკითხი არაერთხელ დაისვა ჟენევის მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე. ამასთან, ივნისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ რუსეთის პატრიარქ კირილეს წერილით მიმართა და ზაზა გახელაძის გათავისუფლებისთვის შუამდგომლობა სთხოვა.