ზაზა გახელაძის დედა შვილის გათავისუფლებისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობას უხდის

ზაზა გახელაძის დედა, ნანა გახელაძე შვილის გათავისუფლებისათვის საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობას უხდის.

„ყველას დიდი მადლობა, ვისაც ჩემი შვილის გათავისუფლებაში წვლილი მიუძღვის, ჩვენს პატრიარქს, რუსეთის პატრიარქს, პრემიერს, პრეზიდენტს, ვისაც კი ერთი სიტყვა დაუხარჯია ჩემი შვილის გათავისუფლების საქმეში, ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო“, – აცხადებს ნანა გახელაძე.

მისივე თქმით, შვილის დღეს გათავისუფლებას არ ელოდებოდა, რადგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ირაკლი ანთაძეს, რომელიც დღეს მათთან ოჯახში იმყოფებოდა, გათავისუფლების კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.

„ნამდვილად არ ველოდებოდით, თვითონ ირაკლი ანთაძეც იყო დღეს მოსული. შეიძლება, იცოდა კიდეც, არც დღე და არც რიცხვი, არაფერი უთქვამს. სიმართლე გითხრათ, გაღიმებული და გახარებული კი იყო, მაგრამ გვითხრა, რომ გვეტყვიან, რა დროს გახდება ცნობილი გათავისუფლების რიცხვი, პირველ რიგში გამოვიქცევი და გაგაგებინებთო“, – განაცხადა ზაზა გახელაძის დედამ.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე უკანონო პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, რა დროსაც იგი ფეხში დაიჭრა. დე ფაქტო ხელისუფლება ზაზა გახელაძეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ბრალს სდებდა სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში. მიმდინარე წლის 5 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მაისში ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდა და აღნიშნა, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებდა ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს მის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად, საკითხი დაყენებული იყო მაღალ პოლიტიკურ დონეზე და აქტიურად განიხილებოდა საერთაშორისო პარტნიორებთან. ზაზა გახელაძის საკითხი არაერთხელ დაისვა ჟენევის მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე. ამასთან, ივნისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ რუსეთის პატრიარქ კირილეს წერილით მიმართა და ზაზა გახელაძის გათავისუფლებისთვის შუამდგომლობა სთხოვა.