ზაზა გაბუნია - „ქართული ოცნება“ რუსულ ოკუპაციას არ შეურიგდება, განსხვავებით იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებისგან, რომლებიც ოკუპანტ გენერლებს მძღოლებად დაუდგნენ
საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას მოსაზრებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სახელმწიფო ინტერესებზე წარმოდგენა არ აქვს.
ჟურნალისტებთან საუბარში ზაზა გაბუნია რუსეთთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
„არ შემიძლია, იაფფასიან და ფსევდოპატრიოტულ განცხადებას არ გამოვეხმაურო. საქართველოს ხელისუფლება, „ქართული ოცნება“ და ჩვენი საზოგადოება რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ შეუვალი და შეურიგებელი იქნება, განსხვავებით იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებისგან, რომლებიც ოკუპანტ გენერლებს მძღოლებად დაუდგნენ და კაციშვილმა არ იცის, მათ კიდევ რითი ასიამოვნებდნენ. ამ ადამიანებისგან სახელმწიფოს შესახებ რჩევებს არ მივიღებთ, რადგან მათ სახელმწიფო ინტერესებზე წარმოდგენა არ აქვთ“, – განაცხადა გაბუნიამ.
სალომე სამადაშვილმა დღეს განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა ქვეყანაში რუსეთის ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო გავლენის გაზრდაა.