სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა ქვეყანაში რუსეთის ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო გავლენის გაზრდაა
სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა ქვეყანაში რუსეთის ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო გავლენის გაზრდაა

ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა ქვეყანაში რუსეთის ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო გავლენის გაზრდაა.

ჟურნალისტებთან საუბარში სალომე სამადაშვილი „ევროპული საქართველოს“ დადგენილების პროექტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების კონტექსტში უნდა მოექცეს.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ დადგენილების პროექტს მხარს დაუჭერს.

„ზაფხულში, ხელისუფლების მიერ დაწყებული ისტერიკა ვიხილეთ, რაც რუსეთიდან ტურისტების შემოდინებას და იმას ეხებოდა, რომ რუსეთის მიერ დაწესებული მორიგი სანქციების მსხვერპლი ქართული ეკონომიკა იქნებოდა. სტატისტიკას გადახედეთ, რომელიც საპირისპიროს გვაჩვენებს. კერძოდ, იმას, რომ საქართველოში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა და ტურისტების შემოსვლის რაოდენობის თვალსაზრისით, რუსეთი არ არის პირველ ადგილზე. შვიდი წელია, ხელისუფლების გამიზნული პოლიტიკაა, რომ ქვეყანა რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებული გახადოს. მათი ამოცანაა, ეს დამოკიდებულება გაღრმავდეს. სანქციების საკითხის წამოწევა კი არა, საქართველოს ოკუპაციის თემა საერთაშორისო დღის წესრიგიდან არის გამქრალი. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩვენი მოქალაქეები უპატრონოდ არიან მიტოვებული და ხელისუფლება რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ღია ანექსიას ვერაფერს უპირისპირებს. გამოსავალია ხელისუფლების შეცვლა, რის შემდეგაც ჩვენ საერთაშორისო ბერკეტებს ავამოქმედებთ, რომელიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას დაიცავს და რუსეთს შეახსენებს, ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს“, – განაცხადა სამადაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დადგენილების პროექტის განხილვა დღეს, ევროინტერგაციის კომიტეტის სხდომაზე იგეგმება. პროექტის არსს შემდეგი სამი პუნქტი წარმოადგენს, კერძოდ: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანას და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციის მოთხოვნებში; ასევე, ევროპის კავშირის და აშშ-ის მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შეტანას; აგრეთვე, ევროპის კავშირმა და აშშ-მა სანქციების შემოღებას ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.