ზაზა გაბუნია - „ნაციონალური მოძრაობა“ გუშინდელის მსგავსად, დღესაც დესტრუქციულად მოიქცა
თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას ინფორმაციით, ოპოზიციის მოთხოვნაზე, რომელიც ბორჯომის საკრებულოში განვითარებული მოვლენების შესახებ სპეციალური განცხადების მომზადებას ეხება, უმრავლესობა იმსჯელებს.
როგორც ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ ზაზა გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველმა გუნდმა დაპირება შეასრულა და ოპოზიციას შეხვდა.
„განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, თუმცა მათ მიერ დასმული საკითხები მოვინიშნეთ და ამაზე ვიფიქრებთ. კერძოდ იმაზე, რამდენად არის შესაძლებელი განცხადება მომზადდეს და რა შეიძლება მასში აისახოს“, – განაცხადა გაბუნიამ.
დეპუტატი სალომე სამადაშვილის მიერ შეხვედრის დატოვებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გუშინდელის მსგავსად, დღესაც დესტრუქციულად მოიქცა.
„მიიჩნიეს, რომ სადაც საქმიანი განხილვებია, მათი ადგილი იქ არ არის და სხდომა დატოვეს“, – დასძინა გაბუნიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დღეს „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შეხვდნენ, განსახილველი თემა ბორჯომში მიმდინარე პროცესები იყო. სალომე სამადაშვილმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა და აღნიშნა, მისი გუნდი ფარსში მონაწილეობას არ მიიღებს.
„ევროპული საქართველოს“ წევრებმა შეხვედრაზე სპეციალური განცხადების მომზადება მოითხოვეს.