სალომე სამადაშვილმა ბორჯომის საკრებულოს საკითხზე პარლამენტში დახურული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
სალომე სამადაშვილმა ბორჯომის საკრებულოს საკითხზე პარლამენტში დახურული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

„ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში დახურული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, სადაც ბორჯომის საკრებულოში შექმნილ ვითარებაზე მსჯელობდნენ.

როგორც სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ ბორჯომში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას დააკისრა.

„ფაქტობრივად, გაბუნიამ “ნაციონალური მოძრაობა” იმაში დაადანაშაულა, რომ სახელმწიფო მოხელეები ცდილობენ, დემოკრატიული პროცესის დარღვევითა და ძალადობით საკრებულოს ხელფასის გაზრდა აიძულონ. აბსურდული მოცემულობაა, შესაბამისად, კონსულტაციებში მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავ.

არ ვაპირებთ, დროის გაწელვაში მონაწილეობა მივიღოთ, რათა ხელისუფლებამ ზომები არ მიიღოს. ეს ძალადობა “ქართული ოცნების” მიერ არის ინსპირირებული და როგორც მინიმუმ, რამდენიმე თანამდებობის პირი პოსტიდან გადამდგარი უნდა იყოს. ამ ფარსში მონაწილეობას არ მივიღებთ და დიპლომატებთან შეხვედრას გავუკეთებთ ორგანიზებას, რადგან ვაპირებთ, ხელისუფლებას ადგილობრივი დემოკრატიის გაუქმებაზე პასუხი მოვთხოვოთ. დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ”, – დასძინა სამადაშვილმა.

ბორჯომის საკრებულოში დაპირისპირება და ხმაური 28 თებერვალს დაიწყო. ბორჯომში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია და „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანიც იყვნენ ჩასული. საკრებულომ 28 თებერვალს ორი სხდომა გამართა, პირველ სხდომაზე ბორჯომის მერიის ხელფასების საკითხი და საშტატო ნუსხა ვერ დამტკიცდა, რასაც ხმაური და როგორც სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. დღის მეორე ნახევარში გამართულ სხდომაზე კი, საკითხი 17 მომხრე ხმით დამტკიცდა. მოგვიანებით, საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძემ განაცხადა, რომ საგანგებოდ ჩატარებული მეორე სხდომა და მიღებული გადაწყვეტილება არალეგიტიმური იყო.  ბორჯომის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით, გუშინ ბორჯომში აქცია გაიმართა. ფრაქციის თავმჯდომარის, ირაკლი კვირკველიას განცხადებით, ზაზა ჩაჩანიძე ოქმს ხელს არ აწერს და ამით კანონის სრულ იგნორირებას ახდენს.  ბორჯომის საკრებულოში „ქართული ოცნება“ უმცირესობაშია.

საკრებულოში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

ბორჯომის მერიაში კი, ბოიკოტი გრძელდება, თანამშრომლები დღეს სამსახურში არ გამოცხადდნენ. ისინი საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დანიშვნას მოითხოვენ, რომელზეც მათი ხელფასების საკითხი უნდა განიხილონ.