ზაურ დარგალი - ყველაფერს გავაკეთებ, რათა მარნეული გახდეს უფრო ძლიერი, ლამაზი და განვითარებული
ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩვენი საერთო სახლი – მარნეული გახდეს უფრო ძლიერი, ლამაზი და განვითარებული, – ამის შესახებ ზაურ დარგალიმ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად მისი წარდგენისას, მოსახლეობისადმი მიმართვისას განაცხადა.
პარტიის მერობის კანდიდატად ის დღეს „ქართული ოცნების” პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ წარადგინეს.
„მადლობა მხარდაჭერისთვის და ნდობისთვის. მიხარია, რომ ამდენი ადამიანი ვართ დღეს აქ. ეს ჩვენთვის დიდი მხარდაჭერაა. ეს არის ჩვენი ერთობის მესიჯი მთელი საქართველოსთვის.
ჩემო მეგობრებო, მარნეული არის ჩვენი საერთო სახლი. მარნეული არის ჩვენი ოჯახი და მე, როგორც ამ ოჯახის შვილი, გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩვენი საერთო სახლი – მარნეული გახდეს უფრო ძლიერი, უფრო ლამაზი და უფრო განვითარებული.
ჩვენ მოვალთ ყველა ოჯახში, მოვალთ ყველა სოფელში და თქვენთან ერთად, თქვენი უშუალო ჩართულობით ავაშენებთ უფრო ძლიერ მარნეულს, ავაშენებთ უფრო ძლიერ სოფელს და დავიწყებთ ძლიერი სოფლის იდეით, ძლიერი სოფლის მიზნით, რომელიც გააჩნია ჩვენს გუნდს. ჩვენ დავიწყებთ ერთად, მარნეულიდან”, – განაცხადა მერობის კანდიდატმა.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ზაურ დარგალიმ აღნიშნა, რომ იმ პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც მარნეულში უკვე მიმდინარეობს და აღნიშნა, რომ ისინი უფრო ჩქარი ტემპით განხორციელდება.
„უფრო ძლიერად, ერთად და ერთად დგომით გავაგრძელებთ ამ ყველაფერს. გპირდებით, რომ ვიქნები თითოეული თქვენი ოჯახის წევრი.
მე ვარ ადამიანი, რომელსაც უზომოდ უყვარს მშობლიური მხარე, სადაც დავიბადე, სადაც გავიზარდე და ვცხოვრობ, სადაც იზრდება ჩემი ორი გოგო – ოთხი წლის და ორი წლის, დენიზი და ადა. თქვენს ბავშვებთან ერთად დადიან ბაღში, რომელსაც სჭირდება რეაბილიტაცია.
მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო პარტია „ქართულ ოცნებას”, რომ მომეცა შესაძლებლობა, ახალგაზრდა კაცს, უშუალოდ ვიყო ჩართული ჩვენი რაიონის მშენებლობის პროცესში”, – განაცხადა ზაურ დარგალიმ.