ზაქარია ქუცნაშვილი - „ევროპელები“ სასამართლოს თემას აეკიდნენ და საკუთარი როლის მოძებნას ცდილობენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ „ევროპული საქართველო“ უზენაესი სასამართლოს თემას „აეკიდა“ და თავისი როლის პოვნას ცდილობს.
როგორც ჟურნალისტებს ქუცნაშვილმა განუცხადა, მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრებები უნდა შეჯერდეს და კანონში აისახოს.
მისი თქმით, თუ კრიტერიუმებად განსაზღვრული იქნება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, მისასალმებელია, რადგან სტრასბურგის სასამართლო ნდობას იმსახურებს.
„პარლამენტი მოსამართლეთა შერჩევის წესსა და კრიტერიუმებს დაადგენს, კრიტერიუმების დადგენისას ვერც „ევროპელები“, ვერ „ქრისტიანები“ და ვერც სხვა მიმდინარეობის ხალხი ორიგინალური ვერ იქნება, რადგან ძირითად კანონს უნდა დავეყრდნოთ და კრიტერიუმებსა და წესებზე ისე უნდა ვიხელმძღვანელოთ. კადრების ნომინირება უნდა მოხდეს, პარლამენტის განხილვის შედეგად კი, კანდიდატებზე აზრი უნდა ჩამოყალიბდეს“, – აღნიშნავს ქუცნაშვილი.
დეპუტატი ამბობს, რომ პოლიტიკური ჯგუფები პოპულარულ თემებში ჩართვისკენ არიან მიდრეკილი, რაც ნორმალურია.
„თუ პოლიტიკური ჯგუფი ამ თემებს არ იყენებს, ჩანჩალა პოლიტიკური ჯგუფია. არ მიკვირს, რომ როგორც შიგნით, ასევე გარეთ გააქტიურდნენ, მაგრამ მართლმსაჯულების ობიექტურობა მხოლოდ 2019 წლის გამოწვევა არ არის, ეს დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდიდან წარმოადგენს გამოწვევას. ამ ჯგუფების ბევრი წარმომადგენელი არ მახსოვს, რომ საკითხი ასე დაესვათ. მაშინ, როცა ხელისუფლების ლიდერებს წარმოადგენდნენ და შეეძლოთ, კრიტერიუმები ჩამოეყალიბებინათ. „ევროპელებსა“ და აზიელებს ვგულისხმობ, რომლებიც სასამართლოს რეფორმით ახლა გახდნენ დაინტერესებული და კრიტერიუმებსა და წესებზე დაიწყეს საუბარი, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, თანამდებობა ეკავათ, ინსტრუმენტი ჰქონდათ და ხელს არაფერი უშლიდათ, კუბლაშვილის სასამართლოს პირობებში ჩამოეყალიბებინათ ეს ყველაფერი. მათ პოპულარული თემები დაინახეს. ეს თემა პოპულარული „ქართული ოცნების“ დამსახურებით გახდა. ამ თემას აეკიდნენ და თავისი როლის მოძებნას ცდილობენ“, – განაცხადა დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა.
„ევროპული საქართველო“ მართლმსაჯულების რეფორმის საკითხზე რამდენიმე ინიციატივით გამოვიდა.