ზაქარია ქუცნაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ არ დაზოგავს დროსა და ენერგიას, რათა შეთანხმება შედგეს
პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის არ დაზოგავს არც პირად დროს და არც ენერგიას, რათა საზოგადოებასთან და გუნდთან შეთანხმება მოხდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, სხდომაზე ბიძინა ივანიშვილი ისმენდა ყველას აზრს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით.
„ის იქცეოდა დღეს როგორც გამაერთიანებელი ლიდერი, როცა ცდილობდა, ყველასთვის მოესმინა, ვინც ამ საკითხზე საკუთარ აზრს გამოთქვამდა. მეც ვერ შევძელი აზრის გამოთქმა, რადგან ჩემს წინ ბევრი იყო ჩაწერილი. ამიტომაც ვფიქრობთ, ხვალაც განვაგრძოთ მსჯელობა და რამდენი დროც იქნება საჭირო, იმდენი დავხარჯოთ“, – აღნიშნა დეპუტატმა.
მისი შეფასებით, პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, ძალიან სერიოზულია.
„ჩვენ თვალწინ იბადება თავისუფალი სასამართლო ხელისუფლება. ეს ძალიან სერიოზული პროცესია. მოგეხსენებათ, მეცხრე მოწვევის პარლამენტი გვყავს და საზოგადოებაში კიდევ არის კითხვები დემოკრატიასთან მიმართებაში“, – განაცხადა ქუცნაშვილმა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ახალი წესებისა და კრიტერიუმების საფუძველზე უნდა იყოს მიღებული.
სამუშაო ჯგუფთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციის შესახებ დეპუტატი ამბობს, რომ არასამთავრობო სექტორს არავინ უზღუდავს უფლებას, ჰქონდეს თავისი მოსაზრება, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე საკუთარ აზრს უმრავლესობის წევრები გამოთქვამენ.
რაც შეეხება არასამთავრობოების მხრიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გადადგომის მოთხოვნას, ქუცნაშვილი აცხადებს, რომ საკითხის ასე დასმა სწორი და კონსტრუქციული მიდგომა არ იქნება.
„პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, მოსამართლეებს მივანიჭეთ თვითმმართველობის უფლება. მათ ჩაატარეს თვითმმართველობის, ასოციაციის კრება და აირჩიეს 15-დან 8 წევრი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, დემოკრატიული რეფორმა უკან არ უნდა დავაბრუნოთ“, – აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.
მისი შეფასებით, აუცილებელია, მოსამართლეთა თვითმმართველობა არსებობდეს, სასამართლო ხელისუფლება კი, პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი იყოს.
„ჩვენ გვჭირდება მოსამართლეების მიერ არჩეული ნდობით აღჭურვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭო და ასევე, გვჭირდება პარლამენტის მიერ დამტკიცებული მოსამართლეობის ღირსეული კანდიდატები“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომის შემდეგ, რომელსაც პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.