ზაფხულიდან თბილისის ცხრა საბავშვო ბაღის შენობების გამაგრების სამუშაოები დაიწყება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მიმდინარე წელს ცხრა საბავშვო ბაღის შენობების გამაგრება-რეკონსტრუქციას დაიწყებს.
გამაგრებას ექვემდებარება N170, N200, N100, N126, N150, N144, N55, N2 და N4 ბაღების შენობები.
სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე დღეს N170 და N200 ბაღებში იმყოფებოდა. ორივე ბაღში სამუშაოები ზაფხულში დაიწყება.
გამაგრებას ექვემდებარება შენობების კონკრეტული ფლიგელები, რის შემდეგაც ჩატარდება სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები. N200 ბაგა-ბაღში სამზარეულოს ბლოკი და საწყობებიც გარემონტდება. კახაბერ გვანცელაძის თქმით, შენობების რეაბილიტაცია ექსპერტთა დასკვნებს ეყრდნობა.
„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ბავშვთა უსაფრთხოება არის ის პრიორიტეტი, რითაც ვხელმძღვანელობთ და სწორედ ამის გამო დავიწყეთ შენობების კონსტრუქციული მდგრადობის შესწავლა. თითოეული პროექტი, რომელიც შენობების რეაბილიტაციას ითვალისწინებს, ექსპერტთა შეფასებების მიხედვით ხორციელდება“, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.
ცხრა შენობის გამაგრების პროექტების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულება სამი მილიონი ლარია.