მიხეილ სააკაშვილი, რომ პოლიტპატიმარია, მგონი, ამის თაობაზე კითხვები არ ისმება. ის პოლიტპატიმარი იყო მას შემდეგ, როდესაც იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა და წასულიყო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა სააკაშვილის დაპატიმრებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილმა ქართველი ხალხის წინაშე დანაპირები შეასრულა და საქართველოში ჩამოვიდა.
„ის უსამართლოდ გაასამართლეს ამ ქვეყანაში და მთელი ამ წლების განმავლობაში არის პოლიტიკური დევნილი. მას ჰქონდა სრული უფლება, დაბრუნებულიყო საქართველოში და ასეც მოიქცა. ის შეჰპირდა ქართველ ხალხს, რომ საქართველოში ჩამოვიდოდა და ჩამოვიდა. შესაბამისად, ახლა ქართველმა ხალხმა უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი და ეს მოხდება არჩევნების გზით“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის მიერ სააკაშვილის შეწყალების საკითხს, თემაზე საუბრისას უდუმაშვილმა აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ეს ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადადგას.
„საქართველოს პრეზიდენტს თუ აქვს სურვილი, რომ დასავლეთთან მაინც შეინარჩუნოს სახე და იმიჯი, ეს ნაბიჯი უნდა გადადგას აუცილებლად. ვნახოთ, როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები. სალომე ზურაბიშვილი თუ არ გადადგამს ამ ნაბიჯს, საქართველოს მოსახლეობა გადადგამს ამ ნაბიჯს და მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად გათავისუფლდება“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
უდუმაშვილმა მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.
„ჩვენ, ყველანი ხვალ უნდა მივიდეთ არჩევნებზე და დავასრულოთ ეს უსამართლობა, რომელიც სუფევს ქვეყანაში. მოტივაცია გვაქვს იმაზე მეტი, ვიდრე დღემდე გვქონდა. ასე რომ, ყველას მოგიწოდებთ, მივიდეთ არჩევნებზე მშვიდად, წყნარად, ორგანიზებულად და მივიღოთ ჩვენი გადაწყვეტილება. როდესაც „ქართული ოცნება“ აღმოჩნდება 43 პროცენტის ქვევით და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება, შემდეგ უკვე დაიწყება სრულიად ახალი პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში, მათ შორის დაინიშნება ვადამდელი არჩევნები, დაიწყება უკვე პროცესები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარწუნებული ვარ, როგორც ჩვენი საზოგადოება, ისე ჩვენი საერთაშორისო მეგობრები აქტიურად ჩაერთვებიან“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნა, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.
მოგვიანებით, მან გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ასევე მიანიშნა, რომ იმყოფებოდა ბათუმში. ამასთან, ცოტა ხნის შემდეგ, სააკაშვილმა კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ ვიდეო ბათუმის ბულვარშია გადაღებული.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.