ზაალ უდუმაშვილი - რაც დღეს პარლამენტში ხდება, არა ნიკა მელიას, არამედ ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია
სამარცხვინოა ეს ყველაფერი, რაც დღეს ხდება საქართველოს პარლამენტში, ეს არის არა ნიკა მელიას, არამედ ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, საპროცედურო საკითხთა და წესებისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას.
„უნდა გაათვითცნობიერონ, რაზე აწერენ ხელს. თქვენი შვილების მომავალზე ამბობთ უარს. ყველას მოვუწოდებ კეთილგონიერებისკენ. გაეშვით, აქ არაფერ შუაში არ არის ოპოზიცია, პოზიცია, მელია, გრიგოლ ვაშაძე და სხვადასხვა. ახლა მთავარია, ამ ქვეყნის მომავალი. ნუ დაუშვებთ, რომ ქვეყანაში დამყარდეს დიქტატურა, თუ ამ ქვეყნის ელემენტარული სიყვარული შეგრჩათ “, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
პარლამენტის საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა თანხმობა განაცხადეს, რომ გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს.