ზაალ უდუმაშვილი - მნიშვნელოვანი იქნება, თუ ოპოზიცია ერთიან სიაზე შეთანხმდება, თუმცა ჩვენ ამას ვერავის ვაიძულებთ
ჩვენ ვაყენებთ ყველა იმ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს ოპოზიციის ერთობას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანი იქნება, თუ ოპოზიცია ერთიან სიაზე შეთანხმდება, რადგან ოპოზიციური ერთობა არა მხოლოდ ფორმალურად, უკვე დოკუმენტურადაც ფორმდება.
„რა სტრატეგიაზე შეთანხმდება საბოლოოდ ოპოზიცია, ეს მხოლოდ ოპოზიციის გადასაწყვეტია. ჩვენ ვერავის ვაიძულებთ, რომ ერთიან სიაზე ჩამოყალიბდეს ყველა. ჩვენ შევთავაზეთ ძალიან კონკრეტული წინადადებები, მათ შორის მხოლოდ ორი მაჟორიტარული ოლქი დარჩა „ნაციონალურ მოძრაობას“.
ეს გავაკეთეთ იმისთვის, რომ ოპოზიციური შეთანხმება უფრო ადვილი ყოფილიყო. ასევე, ვითვალისწინებთ იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ ერთიან სიაზე შეთანხმდება ოპოზიცია, რადგან ოპოზიციური ერთობა უკვე არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ დოკუმენტურადაც ფორმდება. მთავარია, ჩვენ მივიდეთ კონკრეტულ სტრატეგიამდე, რა ფორმით ვებრძვით ივანიშვილს 2020 წლამდე.
„ქართული ოცნების“ ამოცანაა, ბზარი შეიტანოს ამ ერთობაში, თუმცა ეს არ გამოვა, ოპოზიცია ნებისმიერ შემთხვევაში შეთანხმდება. რა შეთანხმება იქნება და როგორი იქნება სტრატეგია, ამას უახლოეს მომავალში გავარკვევთ“,- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციურ პარტიებს გუშინ ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდა.