მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ადგილები სიაში რეიტინგის მიხედვით გადანაწილდეს
მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ადგილები სიაში რეიტინგის მიხედვით გადანაწილდეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ადგილები სიაში რეიტინგის მიხედვით გადანაწილდეს.

ამის შესახებ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში საუბრობს.

„მინდა, ჩემი პოზიცია გამოვთქვა მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც ქართველი ხალხის გამარჯვებას ამ ყაჩაღების ბანდაზე და მთავარ ყაჩაღზე, ალტერნატივა უბრალოდ არ აქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მოვემზადოთ სერიოზულად.

გამოწვევა არის ძალიან დიდი და რა თქმა უნდა, ივანიშვილი თავისით არაფერს არ დათმობს.

ამიტომ, მივესალმები ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც კოორდინაციას უწევს ოპოზიციის ჯგუფების მოქმედებას, ვინაიდან, ასეთი რეჟიმების წინააღმდეგ ძალების გაერთიანების გარეშე ძნელია მოქმედება. ეს არის მთელი მსოფლიოს მაგალითი და რა თქმა უნდა, ასეც უნდა მოხდეს საქართველოში.

მივესალმები იმ ნაბიჯებს, რომელიც გადაიდგა მაჟორიტარობის კუთხით კოორდინაციისა, მაგრამ ახლა არის სიტუაცია, როდესაც ყველამ უნდა გადავდოთ ამბიციები გვერდზე და გავაერთიანოთ მთლიანად ყველა ოპოზიციური ჯგუფი ერთიან სიაში – ეს არის ერთიანობის ყველაზე ზუსტი და სწორი ფორმა.

ასეთია საქართველოს წინა გამოცდილებაც და ასეთია მსოფლიოს გამოცდილებაც.

გავერთიანდეთ, გავაკეთოთ ერთიანი დიდი სია. ეს ჩემთვის სულერთია, მაგრამ ალბათ ადგილები უნდა გადანაწილდეს პარტიების რეიტინგებით და მხარდაჭერის მიხედვით, ეს ადვილი დასადგენია და შემდეგ ერთიანი ფრონტით შევუტიოთ ივანიშვილს.

ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ, ყველამ ერთად უნდა გადავლახოთ ეს უბედურება რაც ახლა ხდება. ყველამ ერთად უნდა დავუბრუნოთ ჩვენი ქვეყანა ქართველ ხალხს. საქართველომ უნდა გააგრძელოს განვითარება, უნდა ამოძვრეს ამ ჭაობიდან. ხალხის დაცინვა უნდა შეწყდეს. ამისთვის, ალბათ ყველაზე სწორი იქნება, ის რაზეც, მე ვსაუბრობ – ერთიანი სია, ერთიანი ძალა და გამარჯვება ქართველი ხალხისთვის.

მე მზად ვარ, განვიხილო ყველანაირი წინადადებები ამ მიმართულებით და იმედია დისკუსია გაიხსნება და რაღაც შედეგამდე მივალთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.