ზაალ უდუმაშვილი - ერეკლე კუხიანიძისგან არც ბოდიშს მივიღებთ და არც ცრემლების ვარდნას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ თბილისის საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის გამონათქვამთან დაკავშირებით პროტესტი გაგრძელდება, როგორც საკრებულოს შიგნით, ასევე მის გარეთ.
„ჩვენ ველოდებით კონკრეტულ გადაწყვეტილებას „ქართული ოცნებიდან“, რას უპირებენ კუხიანიძეს. ჩვენ არც ბოდიშს მივიღებთ მისგან და არც ცრემლების ვარდნას. ჩვენ გვინდა, რომ ამ ადამიანმა დატოვოს თბილისის საკრებულოს დეპუტატის თანამდებობა და ჩააბაროს მანდატი, რადგან ის არ იმსახურებს, თბილისელების სახელით ისაუბროს საკრებულოდან. ამიტომ, ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს უმრავლესობა. ამ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ჩვენი პროტესტის ფორმაც“, – აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.
მისი თქმით, პროტესტი გაგრძელდება ზუსტად იმ ფორმით, როგორც დღეს მიმდინარეობს.
„ორჯერ გადადეს უკვე ბრიფინგი, ორჯერ ჩანიშნეს და გადადეს. როგორც ჩანს, ჯერ ვერ მიიღეს გადაწყვეტილება და შიგნითაც ძალიან დიდი არეულობაა. ჯობს, დროულად გამოვიდნენ და უთხრან ხალხს, აპირებენ თუ არა, რომ ისევ იყოს მათი კოლეგა ბატონი კიხიანიძე.
პროტესტის ფორმა ჯერ ზუსტად არ გვაქვს გადაწყვეტილი, დღეს სპონტანურად გაიმართა აქცია. შემდგომში, დავსხდებით და მოვიფიქრებთ. პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება, დისკომფორტი აუცილებლად ექნება საკრებულოს და ნამდვილად არ მივცემთ იმის კომფორტს, რომ თავისუფლად იარონ კუხიანიძესთან ერთად საკრებულოს სხდომებზე“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
თბილისის საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომლითაც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა.