ზაალ უდუმაშვილი - აქცია დროებით გავაჩერეთ, არ გაგვიუქმებია, თუ „ქართული ოცნებიდან“ არ იქნება შესაბამისი რეაგირება, ბუნებრივია, აქციები დაიწყება
ხშირად გვესმის, რომ გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს და ნიკა მელია უნდა დააკავონ, თუმცა მიუხედავად განცხადებებისა, ნიკა მელია თავისუფალია და იმედი მაქვს, ასეც დარჩება მომავალშიც, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
„ნიკა მელიას დაკავება არ ნიშნავს მხოლოდ მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავებას, ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში დამყარდეს დიქტატურა, რასაც არ დაუშვებს არც „ნაციონალური მოძრაობა“, არც მთლიანად ოპოზიცია და არც ჩვენი საზოგადოება. მგონი, „ქართული ოცნების“ ინტერესებში უნდა იყოს ახლა ხელახალი არჩევნების ჩატარება, რადგან რაც უფრო სწრაფად ჩატარდება, მით უფრო სწრაფად გადავარჩენთ ქვეყანას და სწრაფად გადაირჩენს თავს „ქართული ოცნებაც“, – განაცხადა უდუმაშვილმა.
მისივე თქმით, რამდენიმე დღე დაელოდებიან პასუხს „ქართული ოცნებიდან“ და ამის მიხედვით იმოქმედებენ.
„დაველოდებით, რა პასუხი ექნებათ ჩვენს შეთავაზებაზე და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, აქცია დროებით გავაჩერეთ და არ გაგვიუქმებია. თუ „ქართული ოცნებიდან“ არ იქნება შესაბამისი პასუხი და რეაგირება, ბუნებრივია, აქციები დაიწყება და იქნება ძალიან მასშტაბური საპროტესტო აქციები“,- აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.
დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, მოლაპარაკებების შეთავაზების პარალელურად, კვლავ მისცენ ვადა, ხელისუფლებას და გადადონ 25 თებერვალს დაანონსებული აქცია.