ზაალ მიქელაძე - მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში უფრო მეტად გვისმენენ და რეკომენდაციებს იცავენ
ზაალ მიქელაძე - მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში უფრო მეტად გვისმენენ და რეკომენდაციებს იცავენ

ჩვენი არაერთი მოწოდება – დარჩი სახლში და დაიცავი სოციალური დისტანცია, ყველა მოქალაქისთვის გასაგები ვერ გახდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ეთერში აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, დაიცვან კარანტინის წესები.

„დარჩი სახლში საკუთარ სივრცეში დარჩენას ნიშნავს. ქობულეთში ინფიცირებულების მაგალითზე, მათმა გადაადგილებამ რამდენიმე ნათესავის ოჯახში მოგვცა მინიმუმ ხუთ ლოკაციაზე შემთხვევები. კვლევები გრძელდება. ჩვენ შევისწავლეთ ხუთ ლოკაციაზე შესაძლო კონტაქტები და არ არის გამორიცხული, რომ მათ კონტაქტები თავის მხრივ ჰქონოდათ სხვა შესაძლო სანათესაო-სამეგობრო წრესთან. ამიტომ, კვლევა უფრო ფართოვდება და ამ შემთხვევაში, შეიძლება ამ ერთ რაიონს გასცდეს“, – აღნიშნა ზაალ მიქელაძემ.

ამასთან, ზაალ მიქელაძემ ისაუბრა იმის თაობაზე, თუ პრევენციის რა ნაბიჯები იდგმება მაღალმთიან აჭარაში.

„პრევენციული ზომები ყველასთვის იდენტური და ერთნაირია. მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში უფრო მეტად გვისმენენ და რეკომენდაციებს უფრო მეტად იცავენ. თან ახლა იქ საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურ რეჟიმშია შესული. აქედან გამომდინარე, ჩვენგან გაცემულია რეკომენდაცია, რომ თავის სახნავ-სათეს მიწაზე არანაირი პრობლემა არ არის, ოჯახის წევრებთან ერთად რომ იშრომონ. როგორც ინფორმაცია გვაქვს, სწორედ ამ რეჟიმით არაინ დაკავებულნი. თან მიწის და შრომის სიყვარულით გამოირჩევიან და ალბათ, ამ ეტაპზე, შრომიდან გამომდინარე, მათ მეზობლებთან ყავის დასალევად სასიარულოდ ნაკლებად სცალიათ, რა შემთხვევაც ქობულეთში გვქონდა.

ჩვენი ყველა რესურსი გვაქვს ჩართული. ეპიდემიოლოგების სამედიცინო გუნდი მთელი თვენახევარი იყო დაკავებული შეკავების პროცესით. საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა პროცესმა, მაშინ, როდესაც აჭარაში ორ ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა საკარანტინო სივრცე და კიდევ 1 800-ზე მეტი მოქალაქე გვყავს საკარანტინო სივრცეში. სწორედ ამ ჯგუფის ხარჯზე მოხერხდა მათი სწორი მართვა“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.