კერძო ავტოტრანსპორტსა და ყვითელ ავტობუსებზე ყალბი დადებითი დასკვნების გაცემის ფაქტებზე პირველადი ტექდათვალიერების სამი ცენტრის თანამშრომლები დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება – გასაღებისა და გულგრილობის ფაქტებზე, მოსამართლის განჩინებით, პირველადი ტექნიკური ინსპექტირების სამი ცენტრის ოთხი თანამშრომელი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ თბილისში მდებარე პირველადი ტექნიკური ინსპექტირების სამ ცენტრში, კერძო პირების საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, ასევე, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ კუთვნილ, ტექნიკურად გაუმართავ ე.წ. „ყვითელ“ სამგზავრო ავტობუსებზე გაიცემოდა ყალბი დადებითი დასკვნები.
„საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე და 220-ე პრიმა მუხლების პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით”, – აღნიშნულია საგამოძიებო უწყების განცხადებაში.