ყვარლის მუნიციპალიტეტში დოლოჭოპის ბაზილიკას საკონსერვაციო სამუშაოები ჩატარდა
ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარე დოლოჭოპის ბაზილიკას საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარდა. ძეგლის კონსერვაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა.
სააგენტოს ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად , აღდგა საკურთხეველში საფეხურები რიყის შერჩეული ქვებით, ქვის ტახტრევანი რიყის ქვებით, საკურთხეველში ასასვლელი საფეხურები და იატაკი, ჩრდილოეთისა და სამხრეთის მინაშენებზე აღდგენილია და დაწყობილია კედლის წყობები მთელ პერიმეტრზე.
ასევე, გამაგრებულია ტაძრის ინტერიერში არსებული მორყეული სვეტის ბაზები, მოეწყო საკონსერვაციო ფენა ტაძრის კედლების ზედაპირზე, მაღალი ხარისხის კირხსნარით. ტაძარი შემოიღობა უჟანგავი ფოლადის ბადით. ახლად მოწყობილ საკონსერვაციო ფენაზე კი, მოეწყო დროებითი ქვიშის ფენილი ორფა ცელოფანის ბაზაზე .
დოლოჭოპის ბაზილიკის სახელით ცნობილი აღნიშნული ნატაძრალი ყვარლის შემოგარენში, მდ. დურუჯის მარჯვენა ნაპირზე, გვიანი შუა საუკუნეების ნასოფლარ დოლოჭოპის ტერიტორიაზე მდებარეობს. გვიანანტიკურ და ადრეულ შუა საუკუნეებში აღნიშნული მიდამოები ქალაქ ნეკრესის უკიდურეს დასავლეთ უბანს წარმოადგენდა.