ყვარლის ციხის კოშკის აღსადგენად გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა. ტენდერის ათდღიანი ვადა ისე ამოიწურა, რომ არცერთ კომპანიას მონაწილეობის სურვილი არ გამოუთქვამს.
ყვარლის მერიამ ქალაქის ცენტრში მდებარე მე-16-მე-18 საუკუნის ციხის, დაზიანებული კოშკის რეაბილიტაციისთვის 18 500 ლარი გამოყო და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეთანხმებული პროექტით კოშკის აღდგენაზე ტენდერი 3 მარტს გამოაცხადა.
როგორც პირველ არხს ყვარლის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელმა დავით მამულაშვილმა განუცხადა, კოშკის აღდგენას სპეციფიკური ცოდნა და გამოცდილება ესაჭიროება.
მისი თქმით, ისტორიული ძეგლი ქვითკირითაა ნაგები და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს სამუშაოების მწარმოებელს.
„იქნებ ამანაც განაპირობა, რომ მსურველი არავინ გამოჩნდა“, – აცხადებს მამულაშვილი.
ხვალ ტენდერი ახლიდან გამოცხადდება და პირობები მცირედით შეიცვლება.
ყვარლის მერიაში ამბობენ, რომ უპირატესობა მიენიჭება კომპანიას, რომელსაც სამი ანალოგიური ობიექტის რესტავრაციის გამოცდილება ექნება.
ადგილობრივი მოსახლეობა ციხის გაბზარული და დაზიანებული კოშკიდან ქვების ინტენსიურად ცვენის გამო შეშფოთებას რამდენიმე დღის წინ გამოთქვამდა და ადგილობრივი ხელისუფლებისგან დროულ რეაგირებას ითხოვდა.