ახალსოფელში მთის ფერდობზე ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ხუთდღიანი უწყვეტი სამუშაოების შემდეგ, მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების და პილოტების დახმარებით ცეცხლის კერების ჩაქრობა შეძლეს. ცეცხლის ქრობაში ჩართული იყო თავდაცვის სამინისტროს სპეციალიზებული მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა.
მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებზე შიდა კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან, ასევე სხვა და სხვა რეგიონებიდან, მათ შორის თბილისიდან მობილიზებული სახანძრო-სამაშველო ჯგუფები უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ.
შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი. ხანძრის ლოკალიზება მალევე მოხერხდა, საჰაერო ტექნიკამ საერთო ჯამში მათ 191 გაფრენა განახორციელეს და ცეცხლის ღია კერებს 382 ტონა წყალი დაასხეს.
ბოლო ინფორმაციით დამწვარია 20 ჰექტარზე არსებული ტყის მასივი. სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მონიტორინგის მიზნით ადგილზე 40-მდე მეხანძრე-მაშველი დარჩება.