ყულევში სექტემბერში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა დაიწყება
ხობის მუნიციპალიტეტში, ყულევის ტერიტორიაზე, მიმდინარე წლის სექტემბერში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა დაიწყება – ამის შესახებ დღეს გამართულ საჯარო განხილვაზე კომპანია „ფაზის ოილის“ დირექტორმა გია შავდიამ განაცხადა. საჯარო განხილვაზე კომპანიამ ქარხნის მშენებლობა-ექსპლუატაციის პროექტი წარადგინა.
„ყულევთან, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე, ევროსტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, საშუალო სიმძლავრის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა სექტემბრის ბოლოს დაიწყება. ქარხნის წარმადობა 4 მლნ ტონაზეა გათვლილი და ძირითადად, იმპორტირებული ნავთობის გადამუშავებაზე იქნება ორიენტირებული“, – განაცხადა გია შავდიამ.
პროექტის ღირებულება 1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. წინასწარი ინფორმაციით, ქარხანა დღე-ღამეში 500 ტონაზე მეტ ნედლეულს გადაამუშავებს, აშენდება აირების სამარაგო რეზერვუარი და თბოელექტროსადგური. ქარხნის მშენებლობაზე 700-მდე პირი დასაქმდება.