ყოველ 36 მილიონ წელიწადში, დედამიწაზე სიცოცხლის ნამდვილი „აფეთქება“ ხდება — მეცნიერებმა მიზეზი გაარკვიეს #1tvმეცნიერება
ყოველ 36 მილიონ წელიწადში, დედამიწაზე სიცოცხლის ნამდვილი „აფეთქება“ ხდება — მეცნიერებმა მიზეზი გაარკვიეს #1tvმეცნიერება

ყოველ 36 მილიონ წელიწადში ერთხელ, ზღვის ცხოვრებაში ახალ სახეობათა ნამდვილი აფეთქება ხდება. ახალი კვლევის მიხედვით, ამის არაპირდაპირი მიზეზი ტექტონიკაა.

ნამარხებისა და გეოლოგიური ჩანაწერების ღრმა ანალიზის მიხედვით, ტექტონიკურ მოძრაობათა 36-მილიონ წლიანი ციკლის საპასუხოდ, ზღვის დონე იცვლება.

სორბონის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა გეოლოგ სლა ბულილას ხელმძღვანელობით, დაადგინა, რომ ეს პროცესი რამდენიმე ეკოსისტემას არღვევს, რაც მრავალ სახეობას გასაჭირში აგდებს, მაგრამ ამავე დროს, ახლებს აძლევს აყვავებისა და ახლად გაჩენილი ეკოლოგიური ნიშების შევსების საშუალებას.

„ტექტონიკის თვალსაზრისით, 36-მილიონ წლიანი ციკლი აღნიშნავს ცვლილებებს ზღვის ფსკერის უფრო სწრაფ და ნელ გავრცელებას შორის, რაც იწვევს სიღრმის ციკლურ ცვლილებებს ოკეანის აუზში და წყლის ტექტონიკურ ტრანსფერს დედამიწის სიღრმეში“, — ამბობს სიდნეის უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერი დიეტმარ მიულერი.

მისი განცხადებით, ეს თავის მხრივ იწვევს რყევებს კონტინენტების დატბორვებსა და გაშრობებში, რა დროსაც არის პერიოდები, როდესაც გვხვდება ვრცელი თავთხელი ზღვები დიდი ბიომრავალფეროვნებით.

ნამარხების დეტალური კვლევა აჩვენებს, რომ ეს ბიომრავალფეროვნება არ არის ჯანსაღი და არც მუდმივი. ის დრამატულად ირყევა ათობით მილიონი წლის მასშტაბებით, რაც გამოწვეულია გადაშენებებით და ახალი სახეობების აღზევებით.

უცნობი რჩებოდა, რა იწვევდა ამ ცვლილებებს; თავად თითოეული მოვლენაა უნიკალური თუ არსებობს მათი დამაკავშირებელი რაიმე მექანიზმი.

მკვლევართა ჯგუფმა წარმოადგენდა გასული 250 მილიონი წლის გეოლოგიურ მონაცემთა ბაზის საგულდაგულო ანალიზს, რაც კომბინირებული იყო კომპიუტერულ სიმულაციებთან და მოდელირებასთან, რომელიც ტექტონიკური ვიზუალიზაციის პროგრამულ უზრუნველყოფას, სახელად GPlates-ს იყენებდა.

დედამიწის ქერქი არასოდეს არის უძრავი. შედგება ცალკეული ტექტონიკური ფილებისგან, რომლებიც მუდმივად მოძრაობს და გადამუშავდება. ადგილებს, სადაც ტექტონიკური ფილები ერთმანეთს ოკეანის ქვეშ ხვდება, სუბდუქციური ზონები ეწოდება. იქ წყალი ღრმად იჟონება მანტიის ქვეშ და მოგვიანებით ვულკანური აქტივობის გზით უკან გამოიყოფა.

ამას გარდა, ტექტონიკურმა მოძრაობებმა შეიძლება გამოიწვიოს ზღვის ფსკერის უფრო დიდ ფართობზე გავრცობაც, რადგან ფილები ერთმანეთს შორდება. გრძელვადიან პერიოდში, ორივე ამ მექანიზმმა შეიძლება გამოიწვიოს სხვაობები ზღვის დონეში.

მათ ხელთ არსებულ მონაცემებსა და სიმულაციებში, მკვლევრებმა ზღვის სიცოცხლის მრავალფეროვნებაში 36-მილიონ წლიანი ციკლი შენიშნეს, რაც ემთხვეოდა ტექტონიკაში, ზღვის დონესა და იმავე პერიოდის ქანების შრეების ფართომასშტაბიან მონაცემებში აღმოჩენილ ციკლს.

მათი განცხადებით, ეს აღმოჩენა წარმოადგენს იმის დამაჯერებელ მტკიცებულებას, რომ ტექტონიკური ციკლებით გამოწვეული ზღვის დონის ცვლილება გადამწყვეტ როლს ასრულებს ბიომრავალფეროვნების ციკლებსა და ეკოსისტემების ფორმირებაში.

„ეს კვლევა ეჭვქვეშ აყენებს წინა მოსაზრებებს იმის შესახებ, რატომ იცვლებიან სახეობები დროის დიდ მონაკვეთებში. ეს ციკლები 36-მილიონ წლიანია, რისი მიზეზიც არის ტექტონიკური ფილების მოძრაობისა და კონვექციურ მანტიაში გადამუშავების რეგულარული ხასიათი — ეს გახლავთ მოძრავი ნაწილი დედამიწის სიღრმეში, რომელიც ქოთანში ნელა მოძრავ ცხელ, სქელ სითხეს ჰგავს“, — ამბობს მიულერი.

დედამიწის ისტორიაში არსებობს ბიომრავალფეროვნებაზე მოქმედი სხვა მიზეზებიც. მაგალითად, ჯგუფმა აღმოაჩინა ბიომრავალფეროვნების 62-მილიონ წლიანი ციკლის მტკიცებულებაც.

ამის მიზეზი შეიძლება იყოს ნახშირორჟანგის დონის ცვლილება, მაგრამ როგორც მკვლევრები ამბობენ, ამ საკითხს უკეთესად შესწავლა სჭირდება.

კვლევა Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.