ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ ლევან ასლანიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის, თამარ ჭეიშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ ლევან ასლანიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა მიიღო.
სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სახელმწიფო ბრალდების რეპლიკის დროს ბრალდებული პროკურორს დაუპირისპირდა. ლევან ასლანიშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ნაწილობრივ ცნობს. ბრალდების მხარე პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
პროკურორის განცხადებით, არსებობს მიმალვის, დანაშაულის ხელახლა ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები.
ამასთან, დაცვის მხარე არ დაეთანხმა ბრალდების მხარეს და აღკვეთის სახით 15 ათას ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა. მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია.
„ეს შემთხვევა, რაც მე ჩავიდინე, ვაღიარებ. უმიზეზოდ არ მომხდარა. მაგ ქალბატონს წლების წინ გავუხსენი მეილი, რაღაც ეჭვის საფუძველი მომეცა. თამარ ჭეიშვილი დარეგისტრირდა „ფეისბუქზე“, შევედი მეილზე და „ფეისბუქზე“ გადავედი. ვხედავ დღეში 50 კაცთან უხამს მიწერ-მოწერას“, – განაცხადა ასლანიშვილმა.
ცნობისთვის, 23 მაისს, ლევან ასლანიშვილმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ყოფილ მეუღლეს დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. პროკურატურამ ბრალდება განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.