ყოფილი ამერიკელი კონგრესმენი რონ პოლი წერილს აქვეყნებს - ბაიდენის ფიასკო უკრაინაში, ავღანეთთან და ერაყთან ერთად, ისტორიაში შევა, როგორც აშშ-ის უდიდესი საგარეო პოლიტიკური კატასტროფა
„ბაიდენს უკრაინისთვის ფული ეწურება? კარგია“, – ასეთი სათაურით აქვეყნებს წერილს ყოფილი ამერიკელი კონგრესმენი რონ პოლი.
როგორც წერილის ავტორი აღნიშნავს, ბაიდენის ფიასკო უკრაინაში, ავღანეთთან და ერაყთან ერთად, ისტორიაში შევა, როგორც აშშ-ის უდიდესი საგარეო პოლიტიკური კატასტროფა.
წერილის თანახმად, ასობით ათასი ადამიანია მოკლული ორივე მხარეს, რუსეთის „რეჟიმის შეცვლის“ ამერიკელი ნეოკონსერვატორების დიდი ხნის სურვილის მსახურებაში.
რონ პოლი აღნიშნავს, რომ ნეოკონსერვატორების „უკრაინის პროექტის“ დაფინანსებაზე კონგრესმა 100 მილიარდი დოლარი გამოყო.
„გასულ შაბათ-კვირას რუსების მიერ სტრატეგიულ ქალაქ ბახმუტზე კონტროლის დამყარებით, როგორც ჩანს, ნეოკონსერვატორების უკრაინის პროექტი სწრაფად უახლოვდება მარცხს, ისევე როგორც აქამდე არსებული ყველა ნეოკონსერვატორული საგარეო პოლიტიკური პროექტი. თუმცა, ეს არ შეაჩერებს ბაიდენის ადმინისტრაციას იმის მცდელობაში, რომ გამოსძალოს მეტი ფული ამერიკას, რომელიც უკვე ეკონომიკური კოლაფსის ზღვარზეა. ნუ დაგვავიწყდება ვალის ლიმიტის გამო ვაშინგტონში გაჩაღებული ბრძოლის შესახებ“, – ნათქვამია ყოფილი კონგრესმენის წერილში.
ავტორის აზრით, ბაიდენის ადმინისტრაციის საშინაო ხარჯები რესპუბლიკელი კანონმდებლებისთვის ყოველთვის ბრძოლის საგანია, თუმცა, როდესაც საქმე ეხება უკრაინის პროექტისთვის განკუთვნილ უსასრულო ხარჯებს, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ორივე პარტია სინქრონულად მიაბიჯებს.
როგორც რონ პოლი წერს, ავღანეთში 20-წლიანმა ბრძოლამ საბოლოოდ შედეგად გამოიღო „თალიბანი“ ავღანეთში, რაც აშშ-ს სამი ტრილიონი დოლარი დაუჯდა.
„თუმცა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა, ომის მხარდამჭერმა ანალიტიკურმა ცენტრებმა, ომის მადიდებელმა მეინსტრიმულმა მედიამ კარგი ანაზღაურება მიიღეს. მეინსტრიმული მედია არის პანიკაში იმ ფაქტის გამო, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი 48 მილიარდი დოლარიდან მხოლოდ ექვსი დარჩა. ეს არ იქნება საკმარისი „უკრაინის პროექტის“ რამდენიმე კვირაზე მეტი ხნით შესანარჩუნებლად. მაშინ როდესაც აშშ-ის საზოგადოებრივი აზრი დიდი უმრავლესობით იხრება „უკრაინად“ წოდებულ, კორუმპირებულ შავ ხვრელში ფულის გადაყრის წინააღმდეგ, უპრინციპო პოლიტიკოსებიც კი დაიწყებენ კონგრესში გაჩენილი პროგრესულ-კონსერვატიული ალიანსის მოსმენას, რომელსაც ეს მობეზრდა.
იმის ფონზე, როდესაც აშშ-ის საზოგადოებრივი აზრი კორუმპირებულ უკრაინაში უსასრულო მილიარდების გაგზავნის წინააღმდეგ ტრიალდება, მესამე მსოფლიო ომის საფრთხესთან ერთად, ვაშინგტონში პოლიტიკური ცხოველები ჩაძირვის პირას მყოფი გემიდან გაქცევას დაიწყებენ”, – აღნიშნავს ყოფილი კონგრესმენი.
მისი აზრით, მოსალოდნელია, რომ კანონმდებლები მასობრივად ზურგს შეაქცევენ „უკრაინის პროექტს“.