ყოფილ რკინიგზელთა სახლში განთავსებული ქორეოგრაფიული ცენტრის სასარგებლოდ კულტურის სამინისტრომ შესაბამისი პროცედურები წამოიწყო
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი ქართული ფოლკლორის გადარჩენისა და განვითარების ბავშვთა და მოზარდთა ქორეოგრაფიულ ცენტრს ეწვია და მის წინაშე მდგარ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
„ქორეოგრაფიული ცენტრი ყოფილ რკინიგზელთა სახლში 1975 წლიდან ფუნქციონირებდა, მაგრამ ის შენობიდან 2008 წელს გამოასახლეს. ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლავთ საქართველოს დამსახურებული ქორეოგრაფი, ღირსების მედლის მფლობელი, არაერთი კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატი, ნოდარ ქოთოლაშვილი. ნოდარ ქოთოლაშვილის თქმით, ქორეოგრაფიული ცენტრის უმთავრესი პრობლემა დაკავშირებულია ყოფილი რკინიგზელთა სახლის მომიჯნავე ნაგებობასთან (რკინიგზელთა სახლის ყოფილი საწყობი), რომელშიც ღვაწლმოსილი ქორეოგრაფები 2008 წელს, თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ, შეასახლა საქართველოს კულტურის სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ და რომლიდანაც მათ გამოსახლებას ახლა სასამართლო წესით ითხოვს ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრი. ამ პრობლემის მოგვარების თხოვნით მიმართა მან საქართველოს კულტურის მინისტრს.
სწორედ ამ მიმართვის შედეგად გახდა საქართველოს კულტურის სამინისტროსათვის ცნობილი თეატრის მიერ წამოწყებული დავისა და თეატრის სასარგებლოდ 2022 წლის 21 იანვარს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ხანდაზმული ქორეოგრაფების მათ მიერ 2008 წლიდან დაკავებული სივრციდან გამოსახლებას ეხება“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, საქართველოს კულტურის მინისტრმა შეხვედრა გამართა ქორეოგრაფებთან და მათთან შეთანხმებით დაადგინა ის პირობები, რომლებიც, როგორც ქორეოგრაფების, ისე სამინისტროსათვის მისაღებია.
„მორიგების პირობები გულისხმობს ქორეოგრაფიული ცენტრისათვის მის მიერ დაკავებული ფართის იჯარით ხელახლა გადაცემას ხუთი წლის ვადით, ამ ვადის გაგრძელების შესაძლებლობის გარეშე, რასაც ღვაწლმოსილი პედაგოგები, რომელთაც არაერთი თაობა ჰყავთ ყოფილ რკინიგზელთა სახლში აღზრდილი, სიხარულით დათანხმდნენ. თუმცა, ამ პირობებს დღემდე არ თანხმდება თეატრის ხელმძღვანელობა.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს კულტურის სამინისტრომ, ქორეოგრაფიული ცენტრის სასარგებლოდ და მისი პოზიციების დაცვის მიზნით, უკვე მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რომელიც ამჟამად იხილავს გამოსახლების შესახებ დავას. სამინისტრომ, მოცემულ საქმეზე გამოსახლების დაუშვებლობის შესახებ აგრეთვე შეატყობინა ქონების მართვის სააგენტოს.
ამჟამად, საქართველოს კულტურის სამინისტრო ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილ პროცედურებს, რომლის შედეგადაც, ქორეოგრაფიული ცენტრის მიერ დაკავებული ფართი, როგორც სახელმწიფო ქონება, თეატრის სარგებლობიდან სამინისტროს ბალანსზე აღირიცხება და სამინისტროს მიერ გაფორმდება ქორეოგრაფებთან შეთანხმებული პირობების დაცვით იჯარის ხელშეკრულება ხუთი წლის ვადით“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.