ყირიმში საავტომობილო ხიდის ჩამოშლის გამო, ნახევარკუნძულსა და ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილს შორის სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა
ყირიმში საავტომობილო ხიდის ჩამოშლის გამო, ნახევარკუნძულსა და ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილს შორის სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა

ანექსირებულ ყირიმში საავტომობილო ხიდის ჩამოშლის გამო ნახევარკუნძულსა და ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილს შორის სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სატრანსპორტო სამინისტროზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის მიერ ყირიმში დანიშნული ხელისუფლება აცხადებს, რომ სარკინიგზო მოძრაობის აღდგენა 24 საათში მოხერხდება. გარდა ამისა, შეჩერებულია მოძრაობა სოლიონოე ოზერო-ჯანკოის საავტომობილო გზაზე.

ხიდის ჩამოშლის შესახებ, რომელიც რკინიგზის ლიანდაგების თავზე გადის, 13 ნოემბრის საღამოს გახდა ცნობილი.

ჯანკოის რაიონის რუსულმა ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ხიდმა ვერ გაუძლო მძიმეწონიან სატვირთო ავტომობილს. ჩამოშლის მომენტში ხიდზე, სატვირთოს გარდა, მსუბუქი ავტომობილიც იმყოფებოდა. მომხდარის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი, რომლებიც ჰოსპიტალიზებულები არიან, ერთი დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია.

ანექსირებული ყირიმის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, დანგრეული საავტომობილო ხიდის აღდგენას სამი-ოთხი თვე დასჭირდება.