ყირგიზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2021 წლის 10 იანვარს გაიმართება
ყირგიზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2021 წლის 10 იანვარს ჩატარდება. გადაწყვეტილება რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე მიიღეს.
ყირგიზეთში საპროტესტო აქციები 4 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, სადაც ოფიციალური შედეგებით მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. დემონსტრანტები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ და პატიმრობიდან ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი გაათავისუფლეს.
მოგვიანებით, ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები ბათილად გამოაცხადა, პრემიერ-მინისტრმა კი თანამდებობა დატოვა. ქვეყნის მთავრობის მეთაურის პოზიცია სადირ ჟაპაროვმა დაიკავა.
ყირგიზეთის პარლამენტმა საგანგებო სხდომაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად სადირ ჟაპაროვი დაამტკიცა, რომელიც მომიტინგეებმა არეულობის დროს გაათავისუფლეს.
ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ფონზე, ყირგიზეთის პრეზიდენტმა, სოორონბაი ჟეენბეკოვმა გადადგომის შესახებ განაცხადა.